C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გამოწვევები

საქართველოში 2015 წელს  ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად,  გამოვლინდა, რომ მოსახლეობის შორის C ჰეპატიტით დაავადებული აქტიური პაციენტის წილადობა 5.7%-ს შეადგენს, რის გამოც საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ც ჰეპატიტთის მაღალი დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის 5-წლიანი გეგმა,  როგორც დღეს გამართულ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე აღნიშნეს,  სერიოზული გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.

2016 წელს საქართვლოს მთავრობამ C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია დაამტკიცა, რომლისთვისაც 116 მილიონი ლარი დაიხარჯება. 5-წლიანი პროგრამის შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს C ჰეპატიტით დაავადებულთა 95%-ის გამოვლენასა და მკურნალობას. ამისთვის საქართველომ ფარმაცევტულ კომპანია “გილიადთან” გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, კომპანია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს – ჰარვონსა და სოფოსბუვირს.

2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ც ჰეპატიტის სკრინინგი 470 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, დიაგნოზის მქონე 44 ათასი პაციენტია რეგისტრირებული, პროგრამაში 43 ათასზე მეტი ჩაერთო, თუმცა მხოლოდ 37 ათასმა დაასრულა პროგრამა ბოლომდე.  როგორც ჯანდაცვის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევევენ, პროგრამის ერთ-ერთ უდიდესი გამოწვევაა მოსახლეობის მხრიდან სწორედ დაბალი ჩართულობისა და ინტერესის მაჩვენებელი. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2015 წელს ჩატარებული სკრინინგის  შედეგად, პაციენტების 40%-ზე ნაკლებმა იცოდა თავისი ჯანმრთელობის სტატუსი.

სკრინინგში მოსახლეობის დაბალ ჩართულობაზე საუბრობს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსი, ანა ადამია.

“2015 წლიდან პროგრამა მუშაობს და  ძალიან ბევრი ელოდებოდა მას, იცოდა თავისი დაავადების შესახებ, მაგრამ არ ჰქონდა შესაძლებლობა. და, ასე ვთქვათ, “დაგროვილმა” ნაკადმა უკვე გაიარა პროგრამა. ყველაზე დიდი გამოწვევა არიან ის პაციენტები, რომლებმაც არ იციან თავიანთი დაავადების შესახებ. უბრალოდ, ჩვენ კვლევიდან ვიცით, რომ არის 5.7%  მოსახლეობის დაავადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პაციენტები არიან გამოსაკვლევი და სამკურნალო,  რაც არის ძალიან დიდი გამოწვევა, დააინტერესო ისინი, გაატარო სკრინინგი და დაიწყო მათი მკურნალობა,” – აღნიშნავს ადამია.

მისივე თქმით, ცალკე გამოწვევად რჩება ისიც, რომ პროგრამაში ჩართული პაციენტების დიდი ნაწილი მკურნალობას ბოლომდე არ გადის.

“რეგისტრირებული პაციენტი არის 44 ათას პაციენტზე მეტი. რომელმაც გაიარა კომისიური გამოკვლევა და ჩაერთო პროგრამაში, არის 43 ათასზე მეტი, თუმცა აქედან მკურნალობა დაამთავრა 37 ათასზე მეტმა.” – განმარტავს ადამია.

C ჰეპატიტით ინფიცირებულთა პროგრამის სირთულეებს ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. მისი თქმით, საქართველოში დანერგილი სკრინინგის პროგრამა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. თუმცა მის მთავარ გამოწვევად რჩება ის, რომ დაავადებულთა შორის ძალიან დიდმა პროცენტმა არ იცის, რომ ინფიცირებულია.

“დღევანდელი შეხვედრა არის რიგით მესამე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ეს პროექტი საყოველთაო შეფასებით იქნა აღიარებული მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად . მას აქვს განსაკუთრებული მიღწევები, თითქმის მესამედი გაიარა ეს კურსი, თუმცა, არის გამოწვევები. აქამდე მკურნალობას გადიოდნენ ის ადამიანები, ვინც იცოდნენ ამ დაავადების შესახებ, ახლა დარჩენილი 110 ათასი ადამიანიდან 90%- მა არ იცის ამ დაავადების შესახებ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი დროული დეტექცია, რის გამოც მოსახლეობის უფასო სკრინინგი მიმდინარეოს, “ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გარდა ამისა, გამოწვევად რჩება საზოგადოებრივი სტიგმა და მოსახლეობის  ფინანსური მდგომარეობაც.

“პროგრამას ჯერ კიდევ აქვს გამოწვევები. დაავადება ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული, თუმცა არსებობს რიგი დაბრკოლებები, მათ შორის, საზოგადოებრივი სტიგმა და ფინანსური უქონლობა. ამის დასაძლევად ინტენსიური სამუშაოებია გასატარებელი. სკრინინგი დღეს უფასოა, თუმცა რიგი გამოკვლევები და კლინიკური პროცედურების ჩატარება სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიძლება. ჩვენ განვიხილეთ, რომ მთლიანი დიაგნოსტიკა გავხადოთ აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. ასევე, ჩვენი ინიციატივით იუსტიციის სახლებში ჩაინერგება სტენდები, სადაც ხალხს შეეძლება სკრინინგში მონაწილეობა,“ – განაცხადა კონფერენციაზე
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ .

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-3 შეხვედრა ორ დღეს გასტანს. ხვალ სამუშაო ჯგუფი  საერთაშორისო რეკომენდაციებს განიხილავს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც თან ახლავს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან