ახალი ამბებიხელოვნება

“პეტრე ოცხელი – მუდმივად თანამედროვე” – გამოფენა თიბისი გალერეაში

30 ნოემბერი, 2017 • 7646
“პეტრე ოცხელი – მუდმივად თანამედროვე” – გამოფენა თიბისი გალერეაში

“პეტრე ოცხელი – მუდმივად თანამედროვე “- ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც დღეს პეტრე ოცხელის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიხსნა. გამოფენას თიბისი გალერეა მასპინძლობს, სადაც მსურველებს 30 ნოემბერიდან 16 დეკემბრის ჩათვლით ოცხელის ნამუშევრების ნახვა შეეძლებათ.

“წელს, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, მისი 30 ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა.”- ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

გალერეის კარი  სტუმრებისთვის 15 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, თუმცა გახსნისთანავე საგამოფენო სივრცე ნამუშევრების ნახვის მსურველებით გაივსო. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ ესკიზები, არამედ მხატვრის ბიოგრაფიული ცნობები და მოკლე ფილმი მისი ნამუშევრების რესტრავრაციის პროცესის შესახებ. 

“სულ მაინტერესებდა მხატვრის სხვა ნამუშევრები. თან ძალიან იშვიათი შესაძლებლობაა მისი ნამუშევრების ასე “ლაივში” ნახვა. ძალიან მიხარია. როცა გავიგე, რომ გამოფენა ტარდებოდა, წამოსვლა ეგრევე გადავწყვიტე. ძალიან თანამედროვეა, საქართველოსთვის განსაკუთრებით. გასაკვირია, რომ ეს ყველაფერი 100 წლის წინ მოხდა. რაღაც გარკვეული იმედივით არის ხელოვნებაში” – აცხადებს ერთ-ერთი დამთვალიერებელი.

“აბსოლუტურად ფანტასტიკური გამოფენაა. ძალიან გაუსწრო დროს ოცხელმა. იმ დროს, როცა ის მუშაობდა  და რასაც ის აკეთებდა, ეს არის … ახლაც კი გეჩვენება ძალიან თანამედროვედ. მას აქვს საოცარი გემოვნება, უზადო ტექნიკა, ის ძალიან კარგად ფლობს აკადემიურ ენას და აკადემიურად გადის ძალიან თავისუფლად და ფანტასტიკურ რაღაცებს აკეთებს. და ეს ჩანს, განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ვისაც შეუძლიათ მხოლოდ მისი ნამუშევრების ნახვით ძალიან ბევრი რამე ისწავლონ. ამიტომ პეტრე ოცხელი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უძლიერესი თანამედროვე მხატვარი არის მეოცე საუკუნიდან”- უთხრა “ნეტგაზეთს” არქიტექტორმა, თემურ ტომარაძემ.

პეტრე ოცხელი 1907 წელს დაიბადა. ის ცნობილია თეატრალური სცენებისა და კოსტუმების ესკიზებით, მათ შორისაა მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი – “მფრინავი მღებავი”. 1937 წელს, 30 წლის ასაკში, საბჭოთა კავშირმა ის “ხალხის მტრად” გამოაცხადა და დახვრიტა. მისი ნამუშევრები Google-მა ვირტუალურ გამოფენაში შეიტანა.

თიბისი ბანკის ინფორმაციით, გამოფენაზე დასწრება მსურველებს ორშაბათი-შაბათის  11 საათიდან 19 საათის ჩათვლით შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი