ახალი ამბები

ნინო ლომჯარიას ომბუდსმენად არჩევა სახალხო დამცველის ოფისთან გააპროტესტეს [ვიდეო]

30 ნოემბერი, 2017 • 2793
ნინო ლომჯარიას ომბუდსმენად არჩევა სახალხო დამცველის ოფისთან გააპროტესტეს [ვიდეო]

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან მოქალაქეების ნაწილის აქცია მიმდინარეობს. ისინი ომბუდსმენად ნინო ლომჯარიას არჩევას ეწინააღმდეგებიან.

აქცია 17:00 საათზე დაიწყო. აქციის გამო ნინო რამიშვილის ქუჩა გადაიკეტა, თუმცა აქციაზე 50–მდე ადამიანი მივიდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა ყოფილ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ნინო ლომჯარიას არჩევას იმის გამო ეწინააღდეგებიან, რომ მას ლიბერალური ღირებულებები გააჩნია.

აქციის მსვლელობისას ომბუდსმენის ოფისიდან წარმომადგენელი გამოვიდა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის ოფისში მოსალაპარაკებლად აქციის 4 მონაწილე შევიდა, თუმცა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ იქ უჩა ნანუაშვილი არ დახვდათ.

აქციის მონაწილეები იმუქრებიან, რომ ომბუდსმენის შენობის პიკეტირებას მოახდენენ და ნინო ლომჯარიას არ შეუშვებენ შენობაში. მოძრაობის წევრებმა ომბუდსმენის ოფისთან ნინო ლომჯარიას ფოტო და ლგბტ ადამიანების დროშა დაწვეს.

30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.

[red_box]ნეტგაზეთი ემიჯნება გამოთქმულ ჰომოფობიურ მოსაზრებებსა და შეურაცხმყოფელ ქმედებებს.[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი