ახალი ამბები

მედია მუსლიმებზე და მუსლიმები მედიაზე: MDF-ის კვლევის შედეგები

30 ნოემბერი, 2017 • 3674
მედია მუსლიმებზე და მუსლიმები მედიაზე: MDF-ის კვლევის შედეგები

მედია მუსლიმებზე და მუსლიმები მედიაზე – კვლევის შედეგები “მედიის განვითარების ფონდმა” დღეს, 30 ნოემბერს წარმოადგინა. ორგანიზაციამ 2017 წლის ივნისიდან სექტემბრმამდე მუსლიმ ახალგაზრდებთან ერთად სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავა: მუსლიმთა თემატიკის გაშუქება ქართულ, რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ მედიაში, ინფორმაციის წყარო მუსლიმი ახალგაზრდებისთვის და მათი დამოკიდებულება მედიაგაშუქებისას სტილისა და ხარისხისადმი.

“მედიის განვითარების ფონდმა” ქვემო ქართლში, ახმეტასა და მთიან აჭარაში  ე.წ. ფოკუს ჯგუფების, გამოკითხვებისა და რიგი ექსპერიმენტების მეშვეობით მუსლიმი ახალგაზრდების აზრი კვლევით გათვალისწინებულ ყველა საკითხთან დაკავშრებით მოისმინა. პარალელურად კი მიმდინარეობდა მედიამონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მედიის მუშაობას აკვირდებოდნენ.

 

მუსლიმები ქართულ და რეგიონულ მედიაში

 

კვლევის შედეგების თანახმად, რუსულ მედიასთან შედარებით, სადაც მუსლიმებთან მიმართებაში გაშუქებული თემების უდიდესი წილი კონფლიქტებსა და  ტერორიზმზე მოდის, ქართულ მედიაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა მიმართ ინტერესი იზრდება. ტელესივრცეში უფლებრივი საკითხების გაშუქების წილი 16.5%-ს შეადგენდა, ქართული ონლაინ მედია კი აღნიშნულ თემას მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტ დროს უთმობდა.

მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკისა, ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი ფიქრობს, რომ მუსლიმთა ხმა მედიაპლატფორმაზე კვლავ ნაკლებად ისმის. მისი თქმით, ხარვეზები თავს იჩენს გაშუქების თანმიმდევრულობის კუთხით და ხშირად მედია კონკრეტულ პრობლემურ საკითხს, მისი მსვლელობის პროცესში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უბრუნდება.

“მუსლიმი თემის საკითხების გაშუქება ყველაზე აქტუალური იყო “ნეტგაზეთის” სტატიებში. სხვა მედიასაშუალებები, თუნდაც მეინსტრიმული მედია, აშუქებს მხოლოდ მიმდინარე მოვლენების კონტექსტში. თუმცა ინკლუზიური გაშუქება გულისხმობს იმასაც, რომ ამ ადამიანების ხმა ისმოდეს სხვადასხვა პლატფორმებზე და მათ აზრი არ უნდა ვკითხოთ მხოლოდ მაშინ, როცა მეჩეთის საკუთრების საკითხი წყდება, ვინმე ვინმეს სცემს ან სხვა რაიმე კრიმინალურ შემთხვევას აქვს ადგილი”, – აცხადებს კინწურაშვილი.

კვლევის ამ ნაწილში ავტორებმა ყურადღება რუსული მედიის გაშუქების პრინციპებზეც გაამახვილეს, სადაც ტერორიზმისა და “ისლამური საფრთხის” საკითხი, თემის აქტუალობის დონის მიუხედავად, მუდმივად წამყვან თემად რჩება. მათი თქმით, რუსულ ნარატივს ქართული მედია ნაკლებად იზიარებს, თუმცა ამ შემთხვევაში გამონაკლისს ღიად პრორუსული გამოცემები წარმოადგენენ.

“ქართული ტაბლოიდური მედია(“ობიექტივი”, “საქართველო და მსოფლიო”), ანტიმიგრანტული განწყობების გარდა, თურქეთთან მიმართებით ისტორიული ტრავმის გაღვივებას ახდენდა და საქართველოს თანამედროვე უსაფრთხოების პრობლემებიდან (რუსული ოკუპაცია) ყურადღება ისტორიულ საფრთხეებზე (ოსმალეთის იმპერიის ოკუპაცია) გადაჰქონდა”, – ნათქვამია კვლევის ტექსტში.

 

რას ფიქრობენ მუსლიმი ახალგაზრდები მედიაგაშუქებასა და შეურაცხმყოფელ ტერმინებზე

[თათარი] ისეთი მტკივნეული სიტყვაა და ისე მძულს… ეს სიტყვა ძალიან ცუდად მხვდება. მე, როგორც მუსლიმს მიყურებენ, როგორც თათარს. მე, აჭარელი ქართველი, რატომ ვარ თათარი? რადგან აქ დამპყრობლები იყვნენ მუსლიმები? მასე დამპყრობელი არ დარჩენილა, კახეთი რომ არ აეოხრებინა და მაშინ კახელები უნდა მოვიხსენიოთ ყიზილბაშებად ან ლეკებად”.

ასე აჭარაში მცხოვრებმა ახალგაზრდამ იქ მცხოვრებ მუსლიმთა მიმართ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტერმინი შეაფასა. ფოკუს ჯგუფების ფარგლებში, ახალგაზრდებს მედიამასალებიდან ამოღებული ფრაგმენტები დაურიგდათ, სადაც წითელი კალმით უნდა გადაეხაზათ ის ტერმინები და ფრაზები, რომლებიც მათი აზრით, ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა. ნუსხაში ძირითადად ისტორიული ტრავმის გამღვივებელი ტერმინები, ასევე ის ფრაზები მოხვდა, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, ტერორიზმსა და სხვა სახის კრიმინალს რელიგიურ კუთვნილებას უკავშირებენ.

კვლევის ავტორების თქმით, ახალგაზრდები იმ უარყოფით მიდგომებზეც საუბრობდნენ, რომელთაც მსგავსი გზავნილები ქართულ საზოგადოებაში წარმოშობს.

“იხსენებდნენ, როგორ უყურებდნენ ქუჩაში, როცა ჰიჯაბით სეირნობდნენ; ან როგორ გაუშვა მესაზღვრემ საქართველო-თურქეთის საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამოყოფილ რიგში მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დაფარული ჰქონდა. საუბრობდნენ, რომ რა თქმა უნდა, ეს მათზე ცუდად აისახება, თუმცა ასევე უარყოფითი გავლენა აქვს დანარჩენ საზოგადოებაზეც; ისინი ყოველთვის გრძნობენ განსხვავებულ დამოკიდებულებებს საზოგადოების მხრიდან; იმას, თუ როგორ აღიქვამენ საფრთხეებად”, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი სოფო გელავა.

კვლევის ამ ნაწილს მედიის წარმომადგენლებისთვის(და არა მხოლოდ მათთვის) გზამკვლევიც ახლავს თან, სადაც რეკომენდაციებთან ერთად რიგი ტერმინების ალტერნატიული ვერსიებიცაა წარმოდგენილი, რომელთა გამოყენებაც რიგ შემთხვევებში მეტად ეთიკური და ნაკლებ სარისკოა.

თუმცა პრობლემა მხოლოდ ტერმინოლოგია არ არის.  მუსლიმი ახალგაზრდები ხშირად ჩივიან მუსლიმებთან დაკავშირებული საკითხების ზედაპირულ გაშუქებაზეც, რომელიც მათი თქმით, ოფიციალურ პირთა განცხადებებსა და მოკლევადიანი ვიზიტების მშრალად გადმოცემას არ სცდება.

„კარგია ხოლმე, რომ ჩადიან და ულოცავენ, მაგრამ ასეთ სიუჟეტებს აკლიათ ხოლმე იმ ადამიანების კომენტარი და შეფასება, ვისზეც არის ეს სიუჟეტი“ – აღნიშნა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ქვემო ქართლში.

 

საიდან იღებენ მუსლიმი ახალგაზრდები ინფორმაციას?

 

სამივე რეგიონში მცხოვრები მუსლიმ ახალგაზრდებს შორის(1221 რესპონდენტი) ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა(75.5%), თუმცა ონლაინ(53.9%) და სოციალური(45.7%) მედიის როლიც მზარდია.

რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ინფორმაციას ქართულად(93.9%) იღებს, რუსული, როგორც მეორე ენა კი, 37.1%-ით ლიდერობს. მის გარდა, მეორე ენად თურქული(ქვემო ქართლი, აჭარა) და ჩეჩნური(პანკისი) ყველაზე ხშირად სახელდება.

მოცემულ ნაწილში ერთ-ერთი საინტერესო ტენდენცია სოციალური მედიის მოხმარების მზარდი მაჩვენებელია. ამ მხრივ ქვემო ქართლი 66.2%-ით ლიდერობს.  კვლევის თანაავტორ ხათუნა ნაჭყებიას თქმით, მონაცემი პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდების სოციალურ აქტივობებში ჩართულობის სიხშირესთან.

“იქ, სადაც სამოქალაქო ინტეგრაციის წილი მაღალია, ინფორმაციის მიღების საშუალებებიდან პირველ ადგილზე სოციალური მედიაა. თავისთავად, ბოლოდროინდელ კვლევებს თუ განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრე I-II ადგილზე იყო ტელევიზია, შემდეგ კი, მეგობრები, ნათესავები და ა.შ., ახლა პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა სოციალურმა მედიამ. ქვემო ქართლში სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო. ქვემო ქართლი საინტერესოა იმითაც, რომ აქ ყველაზე მაღალია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვისაც მონაწილეობა მიუღია უმცირესობების ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონსიძიებებში”.

 

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რომელიც კვლევაში რეცენზენტის სტატუსით მონაწილეობდა, ფიქრობს, რომ პრობლემები რჩება, თუმცა ვითარების გაუმჯობესება აშკარაა. ერთ-ერთი მიზეზი, რითაც ის გაშუქების ხარისხის ამაღლებას ხსნის, რელიგიური და პოლიტიკური მიმართულებების გამიჯვნაა, რომელიც შეცვლილმა პოლიტიკურმა სურათმა განაპირობა.

“თუკი გასულ წლებში ღიად ვხვდებოდით ისლამოფობიურ, თურქოფობიურ გაშუქებას და მიბმული იყო პოლიტიკური  საკითხები ისლამოფობიურ საკითხებთან, ახლა ვითარება ნაწილობრივ შეცვლილია. ახლა უკვე ვხვდებით კონკრეტულ გაშუქებას მედიის მხრიდან, რომელიც უკავშირდება არა პოლიტიკურ თემატიკას, არამედ უშუალოდ მუსლიმთა უფლებებს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დასავლური ოპოზიცია არ მიმართავს რელიგიით მანიპულაციას და უფრო მეტად უმცირესობათა უფლებების დაცვის კონტექსტში იჩენს თავს. მაგრამ, მეორე მხრივ, კვლევის შედეგად ვიგებთ იმასაც, რომ გააქტიურდა ისეთი მედიაც, რომელიც რუსული პროპაგანდის აქტორს განასახიერებს, მათ შორის, მსგავსი თემების გაშუქების დროსაც”.

ბექა მინდიაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი დადებითი იმპულსი ისაა, რომ თემასთან დაკავშირებით დისკუსიების მაჩვენებელი გაზრდილია:

“ფაქტია ის, რომ დისკუსიები მიმდინარეობს ინტენსიურად და სხვადასხვა მხრიდან. მოგწონს თუ არა დისკუსიების ხარისხი, ეს სხვა საკითხია. მთავარია, მიმდინარეობს, პრობლემები გამოდის დღის შუქზე – სწორედ ეს არის ძალა შეუწყნარებლობის წინააღმდეგ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი