ახალი ამბები

იაგო ხვიჩია: უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური იქნება

30 ნოემბერი, 2017 • 2268
იაგო ხვიჩია: უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური იქნება

“გირჩი” მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ნარკოტიკის მოხმარება უახლოეს მომავალში ლეგალური გახდება –  ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმეზე მოსარჩელის წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის წესით აღარ უნდა დაისაჯოს. სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს.

“როდესაც სასამართლომ თქვა, რომ ეს არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება, ეს თავის თავში მოიცავს, რომ ადამიანს აქვს უფლება, ამ განვითარებისთვის რაღაც გააკეთოს. თუ ჩვენ ამ უფლებას ვაღიარებთ, შეუძლებელია პროცესები წავიდეს იმ მიმართულებით, რომ საკუთარი მოხმარებისთვის განკუთვნილ კანაფზე ადამიანი არა მხოლოდ დაიჭირონ, არამედ რამენაირი პრობლემა შეუქმნან. ასე იქნება მიმართულება იმიტომ, რომ სასამართლომ თქვა მართლა მნიშვნელოვანი სიტყვები არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, ბევრი განვითარებული ქვეყნისთვისაც…

ფაქტია, რომ მიმართულება დაიძრა. ამ მიმართულების გამჩერებელი სამართალში მეეჭვება, ვინმე იყოს იმიტომ, რომ გასაგებია, საკონსტიტუციო სასამართლო საითკენ მიდის და უბრალოდ, მოვემზადოთ ადამიანური ნარკოპოლიტიკისთვის,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, საქართველოში დეკრიმინალიზაციის შემდეგ მარიხუანის ლეგალიზაცია იქნება შემდეგი ნაბიჯი:

“საქართველოში ვარჩევთ ორ რაღაცას – კანაფის მოხმარება დღესვე არის ლეგალური, თუ რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში გახდება ბოლომდე ლეგალური. შეთანხმებული ვართ, რომ დეკრიმინალიზებულია და აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, თუ ეს არ არის ამ გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანის მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური,”- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება, თუ რა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, იაგო ხვიჩია ქვეყანაში მარიხუანის რაოდენობის მომატებაზე, მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს:

“ქვეყანაში გაჩნდება უფრო მაღალი ხარიხსხის და უფრო მაღალი რაოდენობის კანაფის პრდუქტი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვს, რომ ეს უბრალოდ მოხდება და ამას არ უნდა შევხვდეთ შიშებით და  გარკვეული ქვეცნობიერი ინსტინქტებით. ყველა უნდა ვიყოთ მომზადებული იმისთვის, რომ არასრულწლოვან ადამიანებს არ ჩაუვარდეთ ხელში ნარკოტიკული საშუალება, რათა არ მოხდეს ამ ფაქტების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მხარს არ გვიჭერდა ამ საქმეში.

ჩვენ დღეს პირველად გავარღვიეთ საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული ზღუდე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ჩვენ პირველად ვთქვით დღეს ადამიანზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არასდროს არ იქნება კრიმინალი, ამ სიტყვების უკან დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელია, უკან დაბრუნდე, საბჭოთა კავშირში.

მინდა ქართველ პოლიციელებს გულწრფელად მივულოცო მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათ ყველას მოშორდებათ საქმე, რომლის გაკეთებაც ყველაზე მეტად ეზარებოდათ. მე მჯერა, რომ საქართველოს პოლიციაში ყოველთვის იყო ყველაზე რთული და ცუდი საქმე მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის დაჭერა. ქართულ პოლიციას ვთხოვდი ერთადერთ რაღაცას: შეცვალოს დამოკიდებულებები ადამაინებთან. ჩვენთვის არ არის საკმარისი, რომ ადამიანებს არ დაიჭერენ, ან არ დააჯარიმებენ. ჩვენ გვჭირდება პოლიციის მეგობრული დამოკიდებილება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეეხო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი