ახალი ამბები

ევროპული ფასეულობები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა პირდაპირ გადმოკოპირება – ომბუდსმენობის კანდიდატი

30 ნოემბერი, 2017 • 2231
ევროპული ფასეულობები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა პირდაპირ გადმოკოპირება – ომბუდსმენობის კანდიდატი

“პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილმა ომბუდსმენობის კანდიდატმა, გიორგი ფოფხაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მმართველი გუნდის დეპუტატების მოკითხვით დაიწყო, რომლებთანაც სხვადასხვა დროს გარკვეული სახის თანამშრომლობა ან მეგობრობა აკავშირდებდა. გიორგი ფოფხაძემ “ქართული ოცნების” რამდენიმე პარლამენტარს შეახსენა, რომ თავის დროზე მათი საქმეები ევროპარლამენტსა და ევროსტრუქტურებში მიუტანია.

გიორგი ფოფხაძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის დაჩქარებული წესით წარმართვა არათანაბარ პირობებში აყენებს მის კონკურენტთან. მან პარლამენტარებს სთხოვა, რომ გაითვალისწინონ გარემოება, რომლის მიხედვითაც, მოსამზადებლად და პროგრამის წარსადგენად მხოლოდ 48 საათი ჰქონდა, საიდანაც დიდი ნაწილი სიტუაციაში გარკვევას და ბრიუსელიდან ქუთაისამდე მგაზვრობას მოანდომა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ფოფხაძემ ყურადღება გაამახვილა თავის დამსახურებებსა და საქმიანობაზე. აღნიშნა, რომ 1983 წლიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრია. ასვე, 28 წელია ჟურნალისტად მუშაობს ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებში. მისი თქმით, 16 წელიწადია საქმიანი ურთიერთობა აქვს ევროპარლამენტარებთან და ევროსტრუქტურებთან.

როგორც გიორგი ფოფხაძე აცხადებს, მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა ძალადობასა და უსამართლობას, რაც არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა.

მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩემი დიდი წვლილი მაქვს შეტანილი წინა რეჟიმის მხილებასა და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვაში. ჩემი გადაწყვეტილება ამ თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძვი და ვამხელ უსამართლობას. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი და ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა. პირადად მე ბევრჯერ მომექცნენ უსამართლოდ და კარგად ვიცი, როდესაც კანონსა და სამართალს ვერ პოულობ. მე გახლავართ ქართველი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობს/მუშაობს საფრანგეთსა და ბელგიაში არა მარტო ჟურნალისტად, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მე მაქვს არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პირადი კონტაქტები ევროდეპუტატების დიდ ნაწილთან და თითქმის ყველა ევროკომისართან.”

გიორგი ფოფხაძემ ჩამოთვალა ევროსტრუქტურებში მომუშავე თანამდებობის პირები, რომლებთანაც მისი თქმით, დღემდე მეგობრობს და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. როგორც თავად აცხადებს, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპის თითქმის ყველა ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან და მედიასაშუალებებთან. მისი თქმით, ასევე, მჭიდრო კონტაქტები აქვს ნატოსა და ევროპარლამენტში.

თუ თქვენ მხარს დამიჭერთ, მინდა ეს ცოდნა და კონტაქტები უკვე სახალხო დამცველის რანგში გამოვიყენო ქვეყნის საკეთილდღეოდ. სახალხო დამცველის უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა და ყველაფერი ის, რაც კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან. ადამიანის უპირველესი უფლებაა სიცოცხლის უფლება. მე ვარ პატიმარების წამების კადრების ერთ-ერთი გამავრცელებელი და ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი 2012 წელს ყველაზე მაღალი ღირებულების – პატიმრების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში. თუ ახლა მე ვიქნები სახლხო დამცველი, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ იქნება პატიმართა დაცვა.”

მან ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების დროს ევროპალრამენტსა და ევროსტუქტურებში მიტანილ საქმეებზე, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხზე. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლიგამ წინა ხელისუფლების დროს დაკავებული 8 პირი პოლიტპატიმრად აღიარა, მათ შორის: მერაბ რატიშვილი და ნორა კვიციანი. როგორც გიორგი ფოფხაძე ამბობს, მისი გავრცელებულია 26 მაისის კადრები ევროსტრუქტურებში. გიორგი ფოფხაძის თქმით, მანვე მიიტანა ევროპარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ფოტოგრაფების, ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, ვახტანგ მაისაიას, გურამ შარაძის, გიორგი დემეტრაძის და სხვა საქმეები.

ფოფხაძე მმართველ გუნდს აქებს და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. პატრიოტთა ალიანსის მიერ წარდგენილი კანდიდატი ამბობს, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს პოლიტპატიმარი: “ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, დამისვამენ ამ შეკითხვას. საქართველოში არ აწამებენ და აუპატიურებენ პატიმრებს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რასაც მე ვაფასებ.”

როგორც გიორგი ფოფხაძე აცხადებს, მისი არჩევის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა, დროულად შეაჩეროს და აღმოფხვრას უსამართლობა. მისი თქმით, მზადაა, თავისი გამოცდილება ქვეყნის ინტერესებს და მოქალაქეების დაცვას მოახმაროს.

“ევროპული ფასეულობები ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. მე 27 წელია ევროპაში ვცხოვრობ და ფაქტობრივად ლიბერალურ ევროპაში გავიზარდე. გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ არა პირდაპირ გადმოკოპირების სახით, არამედ ჩვენს სახელმწიფოზე და მოქალქეების ინტერესებზე უნდა იყოს ყველაფერი მორგებული. არ შეიძლება ხალხს თავს მოახვიო ის, რაც მათ კულტურაში, ტრადიციაში და ეთნოფსიქოლოგიაში არ ზის. ამ შემთხვევაში მოხდება საზოგადოებასა და ხელისუფლებაში განხეთქილება – რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბება.”

მისი თქმით, ყველფერს აკოპირებდა წინა ხელისუფლება, რამაც სწორედ რეპრესიებამდე მიიყვანა ქვეყანა, ხოლო უფლებააყრილი ხალხი თავისუფალი ვერ იქნებოდა. როგორც გიორგი ფოფხაძე ამბობს, მისთვის მთავარი ევროპული ფასეულობაა, ადამიანებმა იგრძნონ დაცულად თავი და იყვნენ თავისუფლები.

ადამიანის უფლებები ირღვევა მაშინ, როდესაც ძალადობრივ და უსამართლო პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება. ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელი და ვალდებულია, დროულად აღადგინოს სამართლიანობა. ჩემი უფლების დაცვა არ შეიძლება მოხდეს სხვების უფლებების დარღვევის ხარჯზე და პირიქით. ადამიანების უფლებების დაცვა უნდა მოხდეს დაბალანსებული კანონებით. კანონმდებლობა და სამართლიანობა ხშირად ვერ მოდის თანხვედრაში, რისთვისაც საჭიროა სახალხო დამცველი, რომელიც სამართლიანი გადაწყვეტილების და მათი დაცულობის გარანტი უნდა იყოს. პირობას ვდებ, ვიქნები შეუწყნარებელი ნებისმიერი უსამართლობის მიმართ და მე ყოველთვის ვიქნები სიმართლის მხარეს.”

გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მისი მიზანია, საქართველოში ჩამოყალიბდეს სოლიდური საზოგადოება და სახელმწიფო, სადაც ადამიანი, სამართლიანობა და თანასწორობა გარანტირებული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი