ახალი ამბები

ევროინტეგრაციის სამინისტროს გაუქმების 3 მიზეზი

30 ნოემბერი, 2017 • 2439
ევროინტეგრაციის სამინისტროს გაუქმების 3 მიზეზი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 3 ძირითად მიზეზს გამოყოფს, რის გამოც, მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების და ამ ფუნქციის მთლიანად საგარეო უწყებაში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ საკითხზე მინისტრმა ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ დღეს ორგანიზებულ კონფერენციაზე ისუაბრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის შედეგებს აჯამებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დიპლომატები.

მიხეილ ჯანელიძე © EPA/TAAS KOVACS

მინისტრის თქმით, ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი არის პარალელიზმი, რომელსაც ადგილი ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის.

“ბევრ შემთხვევაში გვქონდა პარალელიზმი… მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი უწყება განსხვავებულ საქმიანობას ეწეოდა, ხშირ შემთხვევაში მაინც იყო პარალელიზმი. ვფიქრობთ, რომ ეფექტურობა მიიღწევა პარალელური პროცესების გამორიცხვით მთავრობაში და, შესაბამისად, ოპტიმიზაციით”, – თქვა ჯანელიძემ.

ჯანელიძის თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ეფექტურობის ზრდაა მოსალოდნელი.

“ეფექტურობა ამაღლდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი ერთ უწყებაში იქნება თავმოყრილი, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი ყველა ქმედება სწორედ ამ პრიორიტეტის შესრულებას ემსახურება”.

მიზეზებად ჯანელიძემ ასევე დაასახელა სტრატეგიული კომუნიკაცია და რესურსების ეფექტიანი მობილიზაცია.

“ეს ასევე ხელს შეუწყობს უკეთესი სტრატეგიული კომუნიკაციების განხორციელებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სხვადასხვა უწყებაში გავაჩინეთ სტრატგიული კომუნიკაციის ერთეული. კოორდინაცია სახელმწიფო მინსიტრის აპარატს ჰქონდა და იყო სხვადასხვა უწყებებს შორის, თუმცა ალაბათ უპრიანი იქნება, რომ ერთმა უწყებამ მაქსიმალურად მოახდინოს რესურსების მობილიზაცია ამ მიმართულებით.

ამ სამ მიზეზს გამოვყოფდი, რომელიც არის განმსაზღვრელი. რა თქმა უნდა, ალბათ მოხდება ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციაც ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე, რაც ასევე ზოგადად მცირე, ოპტიმალური მთავრობის კონცეფციის გადამოსახედიდან არის მნიშვნელოვანი”, – თქვა ჯანელიძემ.

კონფერენციაზე გამოითქვა იდეა საგარეო საქმეთა სამინისტროს დასახელებაში ევროინტეგრაციული კომპონენტის შესაძლო დამატების თაობაზე, რაზეც მინისტრმა თქვა, რომ მსჯელობა შეიძლება, თუმცა, მისი აზრით, ეს არ არის გადამწყვეტი საკითხი. ჯანელიძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში აისახა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის ურყევი კურსი და იქნება თუ არა ეს დაფიქსირებული ინსტიტუციის დასახელებაში, არაფერს ცვლის.

“კონსტიტუციაზე მეტად ამ პრიორეტეტის გამყარება შეუძლებელია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი