ახალი ამბებიკომენტარი

ნაცვლიშვილი: გოცირიძის საკონსტიტუციოს მოსამართლედ წარდგენა ხელისუფლებისგან ცუდი მესიჯია

30 ნოემბერი, 2017 • 5823
ნაცვლიშვილი: გოცირიძის საკონსტიტუციოს მოსამართლედ წარდგენა ხელისუფლებისგან ცუდი მესიჯია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე(საია) ანა ნაცვლიშვილი ევა გოცირიძის კანდიდატურის დასახელებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხელისუფლების შეცდომად აფასებს. ნაცვლიშვილის თქმით,  გოცირიძის კეთილსინდისირებასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ევროსტრუქტურებშიც. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ევა გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენა ცუდი მესიჯია ხელისუფლების მხრიდან:

“მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომაა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში უშვებს ადამიანს, რომლის პროფესიულ კვალიფიკაციასთან და კეთილსინდისიერებასთან მიმართებით არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ევროპულ სტრუქტურებშიც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები დაისვა. პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი, რომელიც იგზავნება არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაში, არამედ ზოგადად ამ ქვეყანაში, რომ “მორჩილება”, პოლიტიკური ნების გატარება ფასდება და “ურჩობა” ისჯება” – ამბობს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, გოცირიძის მიმართ ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს. მათ შორის, ადამიანის უფლებებთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით:

“მას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის, მაგალითად, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ძალიან უცნაური ხედვები აქვს, რომელიც არ მოდის მაინცდამაინც შესაბამისობაში არც ეროვნულ, არც საერთაშოროსო სტანდარტებთან. მისი კეთილსინდისიერება და მისი მოქმედებები იუსტიციის საბჭოში წევრობის დროს, განსაკუთრებით მეორე ფაზაში, ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გახდა. ამავე დროს, ის დაიწუნეს ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის.

ასეთი კანდიდატის წარგზავნა საკონსტიტუციო სასმართლოში მმართველი ძალის მხრიდან არის პირდაპირი მესიჯი იმისა, რომ ყველაფერი, რასაც იუსტიციის საბჭოს წევრები, მათ შორის ევა გოცირიძე, იყო ხელისუფლების პოლიტიკური ნების განხორციელება საბჭოში და არანაირი დამოუკიდებელი მოქმედებები, რომელიც არ მოსწონდა მმართველ პარტიას, არ იყო. პირიქით, როგორც ჩანს, მოსწონდა ხელისუფლებას და ქალბატონი გოცირიძე უხვად დააჯილდოვეს” – ამბობს საიას თავმჯდომარე.


ევა გოცირიძე 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ევა გოცირიძე ორ სხვა კანდიდატთან ერთად წარადგინა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე, თუმცა ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა მისი კანდიდატურა ჩააგდო. ევა გოცირიძემ მაშინ განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის წინაღმდეგ ძალთა კონსოლიდაცია მოხდა.

ევა გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს მხარი დაუჭირა სანდრო გირგგვლიანის საქმის განმხილველი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას. როგორც გოცირიძემ განმარტა, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ლევან მურუსიძეს მოსამართლეთა კორპუსის “უპრეცედენტო მხარდაჭერა” ჰქონდა.

2017 წლის აპრილში ევა გოცირიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციები დაწესებულიყო:

“მოსამართლის ხელაღებით ლანძღვა და ისეთი ეპითეტების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, რომელსაც ახლა აქვს ადგილი ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსის და ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან, რომელსაც მე დავარქმევდი მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებით ბოროტად გამოყენებას,”- ამბობს ევა გოცირიძე.

ევა გოცირიძე, არჩევის შემთხვევაში, ჩაანცვლებს ლალი ფაფიაშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა 2007 წლის 28 დეკემბერს აირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი