ახალი ამბები

ხელისუფლება ცდილობს გვაჩვენოს, რომ არაფერი მომხდარა – ნაცვლიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

30 ნოემბერი, 2017 • 2098
ხელისუფლება ცდილობს გვაჩვენოს, რომ არაფერი მომხდარა – ნაცვლიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

“ხელისუფლება ცდილობს გვაჩვენოს, რომ არაფერი მომხდარა, რომ უმნიშვნელოა ეს გადაწყვეტილება, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს პოლიტიკური პატიმრობის კონტექსტი”- ამბობს საიას დირექტორი, ანა ნაცვლიშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას.

სტრასბურგის სასამარლოს დიდი პალატის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს დაუდგინდა მე-18 მუხლის დარღვევა.

“მეჩვენება, რომ ორივე მხარე ცდილობს სათავისოდ განმარტოს ეს გადაწყვეტილება და სიმართლე არის შუაში,”- ამბობს ნაცვლიშვილი.

იგი ამ გადაწყვეტილების განმარტებისას ამბობს, რომ სამართლებრივი რეალობა არის იმისგან განსხვავებული, როგორადაც მხარეები წარმოაჩენენ:

“ეს გადაწყვეტილება არ ამბობს, რომ მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. პირიქით, გადაწყვეტილებაში ძალიან ცალსახად წერია, რომ განსხვავებით მოსარჩელის არგუმენტისგან, რომ მისი დაკავება ემსახურებოდა მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოყვანას – ეს არ დასტურდება. თუმცა სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, რაც ძალიან სერიოზული და ყურადსაღები უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის.

კონკრეტულად, მან თქვა, რომ მერაბიშვილის დაკავების მიზანი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა, ვინაიდან ის გამოყენებულ იქნა სხვა საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად. ეს არ არის ის მიგნება სასამართლოს მხრიდან, რომლის პირობებშიც შეიძლება ხელისუფლებამ თავი დაიმშვიდოს, რომ არაფერი არ მომხდარა, რომ ეს საქმე არ არის მნიშვნელოვანი. ძალიან ცუდია, რომ მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. გამოძიების განახლებას, სიმართლე გითხრათ, პრაქტიკაში რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ თავის დროზე უნდა გამოეძიებინათ. ამიტომ, განახლება პრაქტიკულ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. მაგრამ პოლიტიკურად, ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობის დაკნინება, ან ზედმეტად წარმოჩენა, რასაც ორივე მხრიდან აქვს ადგილი, როგორც ხელისუფლების, ისევე პოლიტიკური გუნდის, ვფიქრობ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,”- განმარტავს ანა ნაცვლიშვილი.

იგი ასევე ამბობს. რომ ძალიან საინტერესო იქნება, რას იტყვის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი