ახალი ამბები

კვირიკაშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 90 მილიონი ევრო გამოყვეს

30 ნოემბერი, 2017 • 1478
კვირიკაშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 90 მილიონი ევრო გამოყვეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდასაჭერად 90 მილიონი ევრო გამოიყოფა.

“ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდს (EIF) და ქართულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 90 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი იქნება გამოყოფილი კონკრეტულად ამ მიმართულებებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაფუძნდა „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, რომელიც არის შანხაის უმსხვილესი ხუასინის ენერგეტიკული კომპანია CEFC-სა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, რაც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად საქართველოში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ახალი მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების განვითარებაა.

თბილისის აბრეშუმის გზის ძალიან წარმატებული ფორუმს – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი დელეგატი ეწვია. პრემიერის შეფასებით, ფორუმი არის ძალიან დიდი წარმატება საქართველოსთვის. მისი თქმით, ფორუმის განმავლობაში გაფორმდა 10-მდე მნიშვნელოვანი შეთანხმება, ჩატარდა უამრავი ორმხრივი შეხვედრა ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი