ახალი ამბები

პრემიერი: უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარებისას

30 ნოემბერი, 2017 • 1349
პრემიერი: უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარებისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სახანძრო უსაფრთოების დაცვისთვის მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცებისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში.

“არ შემიძლია, რომ კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო ბათუმის ტრაგედიას, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჩვენ გლოვის დღე გვქონდა 27 ნოემბერს გამოცხადებული და დამეთანხმებით, რომ უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის. ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება. გამოძიება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. ხანძრები ყველგან ხდება და არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ აქაც მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი თავიდან ავიცილოთ. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ ამ მიმართულებით კონტროლი. მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულებაც არის აბსოლუტურად ანალოგიური. მინდა ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რომ რეგიონების მიმართულებით კიდევ ერთხელ ჩავატაროთ კამპანია, თუ გნებავთ- სამუშაო, იმისათვის, რომ მშენებლობის და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი არ იყოს დაშვებული. ეს, რა თქმა უნდა, მომავალში. რაც ეხება პრევენციას, უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი ამ მიმართულებით, აღრიცხვა, თუ გნებავთ. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე უნდა ინახოს, რამდენად უზრუნველყოფილია თავისუფალი მოძრაობა ადამიანების, ასეთი ტიპის საგანგებო მდგომარეობის შემთვევაში. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით. მომავალი წლისთვის საგანაგებო სიტუაციებისთვის და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული და მათი აღჭურვა მნიშვნელოვანი იქნება, მაქსიმალურად ეფექტური რომ ვიყოთ ასეთ სიტუაციებში. 2015 წელს პირველად გავამკაცრეთ რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით,  2016 წელს ასევე მივიღეთ დადგენილება… ორი ეტაპი გავაკეთეთ გამკაცრების ამ მიმართულებით. მოგიწოდებთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომლებიც არის გაწერილი ამ აქტებში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

აღნიშნული გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 30 ნოემბერს, გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხდა. მთავრობის სხდომაზე 34 საკითხი განიხილება, აქედან 1 საიდუმლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი