ახალი ამბები

ხანძრისგან დაზარელებული “საბას” მოვაჭრეები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარებას ითხოვენ

15 ივლისი, 2013 • • 1101
ხანძრისგან დაზარელებული “საბას” მოვაჭრეები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარებას ითხოვენ

“საბაში” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრის ქეთევან ბახტაძის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის რამდენომე მონაწილეს ფინანსთა სამინისტროს და შემოასავლების სამსახურის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. 

 

“როდესაც ფირმას ამოწმებს შემოსავლების სამსახური, მას ასევე ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლება აქვს. ჩვენ კომპანიებს ჩავუტარეთ ალტერნატიული აუდიტი, მომზადდა დასკვნა, რომელიც შემდგომ პროკურატურას გადავეცით. პროკურატურამ მოგვცა ცნობა, რომ დაზარალებულები ვართ. ეს დოოკუმენტაცია გადავეცით შეხვედრზე მოსულ პირებს. მათ კონკრეტული პასუხი ვერ მოგვცეს, თუმცა გვითხრეს,რომ კვირის ბოლოს გვეტყვიან, შესაძლებელია თუ არა ჩვენთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფულის გამოყოფა”– ამბობს ქეთევან ბახტაძე. 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სავაჭრო სახლ “საბაში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტებებები სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

“ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ასევე მათი საინიციატივო ჯგუფის წევრებს, არაერთხელ შეხვდნენ როგორც პირადად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეასრულა მიცემული დაპირება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა დასახმარებლად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, გაითვალისწინა რა შექმნილი ვითარება, გადაუვადა მათ წლიური დეკლარაციების წარდგენის ვადა. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობით დაზარალებულებმა უსასყიდლოდ მიიღეს საკონტროლო-სალარო აპარატები. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პირადად გაუგზავნა თხოვნის წერილები ბანკების ხელმძღვანელებს, რათა მათ შექმნილი გარემოების არაორდინარულობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაეხედათ ბანკებისადმი არსებული დავალიანების საკითხისათვის” – ნათქვამია ფინანასთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებს გაწეოდათ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია, რისთვისაც მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციას “კონსტიტუციის 42-ე მუხლს” და დაზარალებულთა უფლებების დაცვა სთხოვა. 
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და პირადად ფინანსთა მინისტრმა დაზარალებულებს შეხვედრისას არაერთხელ სთხოვა, არ მოეხდინათ საკითხის პოლიტიზება, მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთადერთი სწორი გზა არის მხოლოდ სამართლებრივი პროცედურების დაცვა. 

“ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის არც ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა და არც ზარალის ოდენობის განსაზღვრა, აღნიშნული მხოლოდ გამოძიების კომპეტენციაა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ზარალის ანაზღაურებაზე”–აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. 

 

სავაჭრო ცენტრ “საბაში” ხანძარი 26 თებერვალს, საღმოს 9–ის ნახევარზე გაჩნდა. ავეჯის სავაჭრო ცენტრის მფლობელ პაატა კაჭარავას ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა 6 348 კვადრატული ფართი, დაიწვა 100 მაღაზია და დაზარალდა 200 მოვაჭრე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი