ახალი ამბები

გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, ხორვატმა გენერალმა ჰააგის სასამართლოში თავი მოიკლა

30 ნოემბერი, 2017 • 2714
გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, ხორვატმა გენერალმა ჰააგის სასამართლოში თავი მოიკლა

BBC-ის ინფორმაციით, 29 ნოემბერს, გაეროს ტრიბუნალის მოსამართლეების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სამხედრო დანაშაულში ბრალდებულმა სლობოდან პრალიაკმა ჰააგის სასამართლოში პროტესტის ნიშნად საწამლავი დალია და რამდენიმე საათში დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც გენერალმა პატარა ჭიქიდან გაურკვეველი სითხე დალია, გაეროს ტრიბუნალის მოსამართლეებმა სხდომა დაუყოვნებლივ შეწყვიტეს. სლობოდან პრალიაკს პირველადი სამედიცინო დახმარება სასამართლოშივე აღმოჩენეს. მალევე გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ 72 წლის სლობოდან პრალიაკს 2013 წელს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება ხორვატმა გენერალმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრა. პრალიაკი ჰააგის მოსამართლეების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენსაც არ დაეთანხმა და სწორედ ამის შემდეგ დალია პატარა ჭიქიდან ჯერჯერობით გაურკვეველი სითხე. მოსამართლეებს მან მხოლოდ ის უთხრა, რომ საწამლავი მიიღო.

სლობოდან პრალიაკის გარდა, სამხედრო დანაშაულში ბრალდებულია ბოსნიელ ხორვატთა კიდევ ხუთი ლიდერი, მათ შორის, იადრანკო პრლიჩი, რომელიც ჰააგის სასამართლოს მიერ მისჯილ 25 წლით პატიმრობას ასაჩივრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი