ახალი ამბები

კადრების ჩვენება შსს–ში ქობულეთში დაკავებული ახალგაზრდების საქმეზე

15 ივლისი, 2013 • 864
კადრების ჩვენება შსს–ში ქობულეთში დაკავებული ახალგაზრდების საქმეზე

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, მისი დასრულების შემდეგ კი კომენტარი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და შსს–ს პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა გააკეთეს.

 

ნინო გიორგობიანის განცხადებით, მათ არასამთავრობო სექტორს ის კადრები მიაწოდეს, რომელიც აჭარის სამმართველომ მოამზადა:

“კადრებში კარგად ჩანს, როგორ აყენებენ დაკავებულები პოლიციას შეურაცხყოფას. ეს სამი პირი მანამდეც იყო დაკავებული და გასამართლებული თავისი ქმედებისთვის. ერთ–ერთი მათგანი გასულ კვირას ბათუმის ბულვარში დააკავეს”, – განაცხადა გიორგობიანმა.

ვიდეოკადრების ჩვენება შსს–ში
ვიდეოკადრების ჩვენება შსს–ში

“ნეტგაზეთთან” საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მათ 20- წამიანი კადრები აჩვენა, რასთან დაკავშირებითაც არასამთავრობოებს კითხვები გაუჩნდათ::

 

“კადრში ჩანდა სამი პირი, რომელთაც სახე ჰქონდათ დაფარული და ისმოდა გინება პოლიციის მისამართით. შსს–მ ამ კადრებით დაადასტურა, რომ დაკავებულებმა პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენეს. პირველ რიგში, შეკითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად ავთენტურია ვიდეომასალა. თუმცა შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაშიც კი პოლიციას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ დაკავებულებისთვის შეურაცხყოფა თავადაც მიეყენებინა”, – განაცხადა კოჟორიძემ. მან დამატებით რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

მედიასთან კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის” წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმაც. მისი თქმით, შს სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა:

 

“ამ საკითხის გამოძიება ერთ კვირაში დასრულდება და შესაბამის განცხადებებს აუცილებლად გავაკეთებთ. კადრების ავთენტურობასთან დაკავშირებით ჩვენს ორგანიზაციასაც გაუჩნდა შეკითხვა. კადრები ოცწამიანია და ასახულია ამ ადამიანების დაკავების შემდგომი პერიოდი, თუმცა დკავებულები აცხადებენ, რომ მათ პოლიციამ შეურაცხყოფა დაკავებიდან მეორე დღეს მიაყენა. კითხვები, რომელიც არსებობს, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ეს შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რადგან ამ საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

 

ქობულეთის პოლიციამ ცოტა ხნის წინ სამი ახალგაზრდა დააკავა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.  ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მას მიმართეს და ისინი აცხადებენ, რომ ქობულეთის პოლიციაში დამამცირებლად ეპყრობოდნენ და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი