ახალი ამბები

ლომჯარია: დღეს დეპუტატები უნდა საუბრობდნენ, რამ გამოიწვია დარღვევა მერაბიშვილის საქმეზე

29 ნოემბერი, 2017 • 1896
ლომჯარია: დღეს დეპუტატები უნდა საუბრობდნენ, რამ გამოიწვია დარღვევა მერაბიშვილის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ნინო ლომჯარიამ განაცხდა, რომ დღეს პარლამენტში დეპუტატები უნდა საუბრობდნენ საკითხზე, თუ რამ გამოიწვია დარღვევა მერაბიშვილის საქმეზე.

28 ნოემბერს ადამაინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს კონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა დაადგინა.

ამ საკითხის შესახებ ნინო ლომჯარიამ 29 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის კითხვის პასუხად ისაუბრა. კახიძემ  მას ჰკითხა, ჰყავს თუ არა დღეს საქართველოს პოლიტპატიმრები.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ სტრასბურგის ასეთი გადაწყვეტილებები სასიამოვნო არ არის და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა იყოს, სადაც სტრასბურგი უფლების დარღვევას დაადგენს:

“სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს, რომ სასამართლომ თქვა, რომ პირის წინასწარი პატიმრობა კონკრეტულ შემთხვევაში იქნა გამოყენებული არა მართლმსაჯულების მიზნებისთვის. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ ნაწილში ფაქტი არის დადგენილი და უნდა მივიღოთ ეს გარემოება…

მე ვფიქრობ, რომ დღეს პარლამენტში დეპუტატები ასევე უნდა საუბრობდნენ იმაზე, რამ გამოიწვია აღნიშნული დარღვევა, არსებობს თუ არა გარანტიები, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს, რატომ ვერ მოხდა კონკრეტული ფაქტის ეფექტური გამოძიება და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეფექტურად და დროულად იქნეს გამოძიებილი პენიტენციურ თუ სხვა ტიპის სისტემაში სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. ამ თვალსაზრისით, მინდა ხაზი გავუსვა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მნიშვნელობას, რათა გამოძიების მიმართ უფრო მეტი ნდობა იყოს,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე, მან პლენარულ სხდომაზე განმარტა, რომ პოლიტიკური პატიმრის სტატუსის კრიტერიუმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არის განსაზღვრული:

“რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრად პირის შეფასების პროცესს, სტრასბურგის სასამართლოს, მათ შორის, არცერთ იმ საქმეზე, სადაც მე-18 მუხლის დარღვევა არის დადგენილი, ნათქვამი არ აქვს, რომ პირები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ეს არის პოლიტიკური შეფასების პროცესი და კრიტერიუმად დღეს ითვლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები… ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მინისტრთა კომიტეტის პოზიციები, რამდანად დამაკმაყოფილებლად ჩათვლის ის საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ლომჯარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი