ახალი ამბები

დაძაბულობა სასამართლოში მღვდლების საქმის განხილვამდე

15 ივლისი, 2013 • • 1840
დაძაბულობა სასამართლოში მღვდლების საქმის განხილვამდე

სასამართლო სხდომა 14 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე დარბაზთან, რომელიც მხოლოდ 60 დამსწრეზეა გათვლილი, ათეულობით მოქალაქე, მათ შორის 30–მდე სასულიერო პირი დაახლოებით 13:30 საათზე უკვე შეკრებილი იყო.

 

სასამართლო პროცესის დაწყებამდე დარბაზში მანდატურებმა ჯერ ბრალდებულთა ადვოკატები შეუშვეს, შემდეგ კი დაიძახეს, რომ მხოლოდ სასულიერო პირები შესულიყვნენ დარბაზში, რამაც დარბაზის შესასვლელთან ჭყლეტა გამოიწვია. როგორც წესი, დარბაზში მხარეთა შესვლის შემდეგ შესვლის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, თუ პროცესი დახურული არ არის და დარბაზში იმდენი ადამიანი შეშვება შეიძლება, რამდენი სკამიცაა.

 

სასულიერო პირების შესვლის შემდეგ მანდატურებმა ვერ შეძლეს ხალხის ნაკადის შეკავება, რის შემდეგაც დარბაზი
ხალხით მომენტალურად გაივსო. მოქალაქეები, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს, გარდა ამისა, ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტებისადმი.

 

“ფულზე გაყიდული”, “არაფერიც არ უნდა გადაიღო”, “ეს ჟურნალისტები რომ იღებდნენ, იმიტომ არიან მამები დღეს აქ”, “პროკურორი ჟურნალისტები” – ასე მიმართავდა დარბაზში მყოფი ადამიანების ნაწილი ჟურნალისტებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ოპერატორს, რომელიც იღებდა ერთ–ერთ მოქალაქეს, კლარა შუკვანს, რომელიც არ ტოვებდა სასამართლო დარბაზს. ის სკამების უკან დაჩოქილი იდგა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში და მანდატურებს უარს ეუბნებოდა დარბაზის დატოვებაზე.

 

“ქალბატონო, ეს ეკლესია არ არის, სასამართლო პროცესს დაჩოქილი ვერ დაესწრებით, არ შეიძლება. მამაომ რომ გთხოვოთ, ხომ გახვალთ?”, – მიმართა მანდატურმა კლარა შუკვანს, რის შემდეგაც რამდენიმე სასულიერო პირთან გასაუბრების შემდეგ მან დარბაზი დატოვა.

 

საბოლოოდ, მანდატურის სამსახურს დაახლოებით 50 წუთი დასჭირდა, რათა სასამართლო დარბაზიდან ის

სასულიერო პირები სასამართლოს ფოიეში/2013
სასულიერო პირები სასამართლოს ფოიეში/2013

ადამიანები გაეყვანა, რომელთა ადგილი დარბაზში არ იყო და რომლებიც ფეხზე იდგნენ. სასამართლო პროცესი 50 წუთის დაგვიანებით, 14:50 საათზე დაიწყო. სასამართლო დარბაზში ჩართული არ იყო მიკროფონები, რის გამოც მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატების ხმა თითქმის არ ისმოდა.

 

საქმეზე, რომელსაც მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე განიხილავს, ბრალდებული არიან სასულიერო პირები – სამების ტაძრის არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილი და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაია, ასევე, ბექა სალუქვაძე, ტიტალ დავრიშიანი, გიორგი ბასიაშვილი. მათ ბრალი 23 მაისს წაუყენეს 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მუხლი, რომლითაც სასულიერო პირებს წაუყენეს ბრალი, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროკურატურამ მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება არ მოითხოვა.

 

დღეს, 15 ივლისს, სასამართლო სხდომა 23 ივლისისთვის გადაიდო იმის გამო, რომ ერთ–ერთი ბრალდბული დაკავებულია სხვა საქმეზე და ის დღევანდელ სასამართლ სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა, შესაბამისად, მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება საქმე მის გარეშე განეხილა. გარდა ამისა, ადვოკატებმა საქმის გასაცნობად გონივრული ვადა მოითხოვეს.

 

მამა ანთიმოზ(თამაზ) ბიჩინაშვილის ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე მიიჩნევს, რომ ბიჩინაშვილისთვის წაყენებული ბრალი არასწორი და არასამართლიანია, ასევე, დარღვეულია ბევრი საპროცესო ნორმა, რომელიც საქმეზე არსებული მტკიცებულებების წარმოდგენისას უნდა ყოფილიყო დაცული.

 

“არ ბილწსიტყვაობს მამა ანთიმოზი. არანაირი ექსპერტიზა არ არსებობს, რომ მისი ხმა და მოქმედება ერთი იდენტობისაა”, – განაცხადა ბესარიონ ქარცივაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. გარდა ამისა, მისივე განცხადებით, გამოძიების მიერ “რუსთავი 2″–ისგან გამოთხოვილი ვიდეოფირები დამონტაჟებულია და, შესაბამისად, სადავო მტკიცებულებაა, რომლის დაუშვებლობის შუამდგომლობას ის 23 ივლისის სასამართლო სხდომაზე დააყენებს.

 

“ერთი რამ მაინტერესებს, ფარული კამერით რომ მომდევს, ან ტელეფონით, ის გინება რომ ისმის და შემდეგ ეს მასალა რომ დაიდო ინტერნეტში და შემდეგ საღამოს ორმა ჟურნალისტმა ქალბატონმა თავისი სტუმრებითურთ უმოწყალოდ რომ გადამიარა, ჩემი უფლებები არ დაირღვა იმ დღეს? მივმართავ სახალხო დამცველს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მაინტერესებს, ჩემი უფლებები დაირღვა თუ არა”– განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა ანთიმოზ(თამაზ) ბიჩინაშვილმა.

 

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრისა” და “ნეტგაზეთის” მიერ 17 მაისს გადაღებულ ვიდეომასალებში კი ჩანს ანთიმოზ(თამაზ) ბიჩინაშვილი, რომელიც იგინება. აღნიშნული ვიდეოები ორი დამოუკიდბელი კამერით, სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა მედიასაშუალების  მიერაა გადაღებული. ჯერჯერობით, სამართალდამცავ უწყებებს რედაქციებისგან არ მოუთხოვიათ ამ ვიდეომასალის ორგინალები, რომ დაედასტურებინათ ვიდეოჩანაწერების ნამდვილობა.

 

17 მაისს „ნეტგაზეთის“ მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს, თუ როგორ იღებს ხელში რკინის სკამს მეორე ბრალდებული სასულიერო პირი იოთამ (ირაკლი) ბასილაია. ის მოგვიანებით არაერთმა ფოტორეპორტიორმა დააფიქსირა ფოტოზე სკამით ხელში.

 

სასულიერო პირების მხარდამჭერებმა დღეს, 15 ივლისს, საქალაქო სასამართლოს შენობასთან შეკრება 13:00 საათიდან დაიწყეს, თუმცა შეკრებას აქციის სახე არ ჰქონია. სასამართლოში მივიდნენ “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, 17 მაისის კონტრაქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა, ასევე, კახა კუკავა, ნანა კაკაბაძე, „ლეიბორისტების“ ერთ–ერთი ლიდერი კახა ძაგანია.

 

გიორგი გაბედავას განცხადებით, მან სასულიერო პირების ადვოკატებს ფოტო და ვიდე მასალა გადასცა, სადაც ჩანს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას მღვდლებს:

 

“ჩვენ გვაქვს კადრები, ასევე, სურათები, რომელზეც არის ეკლესიის, პატრიარქის, მამების და მრევლის გინება. ამ ყველაფრის უკან დგანან ლგბტ პირები და მათი წარმომადგენლები. ამ ადამიანებს რელიგიის შეურაცხყოფისთვის არ სჯიან და უცებ რომ აღმოჩნდეს, რომ მე ვერ მოვითმინე და რომელიმეს თავი გავუტეხე, მე უნდა გამასამართლონ მკვლელობის მცდელობისთვის”, –  აცხადებს გიორგი გაბედავა.

 

ჯონდო ბაღათურიას განცხადებით კი, სასულიერო პირებს ბრალდება დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნათ:

 

“ასეთი ფაქტი ჯერ არ ახსოვს სასამართლოს. ვერაფერს მიუსჯიან მათ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უდანაშაულოები არიან და მეორე, სასამართლო ამას ვერ გაბედავს,”- განაცხადა ბაღათურიამ.  

 

სასამართლოს წინ ასევე მივიდნენ “ეროვნული ფრონტის” წარმომადგენლები. მათ სასამართლოსთან ბანერები მიიტანეს, რომელზეც ორი წლის წინ, 17 მაისს გადაღებული ფოტოები იყო მიკრული. მათი განცხადებით, ისინი აპროტესტებენ იმ „გარყვნილებას“, რაც 17 მაისს ხდებოდა.

 

2013 წლის 17 მაისს სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს სურდათ თბილისში გაემართათ აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ, თუმცა ათასობით ადამიანმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ სასულიერო პირები, მათ ამის საშუალება არ მისცეს. გარდა ამისა, დალეწეს ის ავტობუსები, რომლითაც ისინი ტერიტორიიდან გასვლას ცდილობდნენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი