ახალი ამბები

შსს: ძეგლების პირბადეებით შენიღბვა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

29 ნოემბერი, 2017 • 1704
შსს: ძეგლების პირბადეებით შენიღბვა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძეგლების პირბადეებით შენიღბვა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და ფაქტზე გამოძიება არ დაიწყება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს.

აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს” – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

29 ნოემბრის დილით თბილისში არსებულ ძეგლთა ნაწილი მოქალაქეებს პირბადით შენიღბული დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია კამპანიის როგორც ინიციატორი, ისე მიზანი. თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. მათი დიდი ნაწილის ვარაუდით, შესაძლოა, პერფორმანსი ჰაერის დაბინძურების პრობლემას უსვამდეს ხაზს.

ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ “პატივსაცემი ადამიანების ძეგლების პირბადეებით აღჭურვა შეურაცხყოფაა”.

შსს თბილისში არსებულ ძეგლთა ნაწილის პირბადეებით შენიღბვის ფაქტს სწავლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი