თანამშრომლობა ჩინეთთან და სხვა მოსალოდნელი ინვესტიციები – აბრეშუმის გზის ფორუმი

რა შედეგებით დასრულდა თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი და რა სახის ინვესტიციები შეიძლება მიიღოს ქვეყანამ ფორუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები შედეგად? – ნეტგაზეთი ამ საკითხების გარკვევას შეეცადა.

თანამშრომლობა ჩინეთთან

ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკურ ზონებში სამრეწველო თანამშრომლობა სამშენებლო მასალების, ელექტროენერგიის, კომუნიკაციის და სხვა სფეროებს მოიცავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველო შანხაიში იმპორტ-ექსპორტის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მინისტრის მოადგილისგან  მიიღო მოწვევა გამოფენაში მონაწილეობაზე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საშუალება ექნება, გამოფენაზე ის ძირითადი პროდუქცია წარადგინოს, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის შესაძლოა  საინტერესო იყოს. ქუმსიშვილმა ასეთ პროდუქტებს შორის ქართული ღვინო და მინერალური წყლები დაასახელა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში  „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“დაფუძნდა. ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას ხელი შანხაის ენერგეტიკულმა კომპანია CEFC-მა და საპარტნიორო ფონდმა მოაწერეს.  „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ფონდმა ჩინურ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკები ჯერ კიდევ 10 თვის წინ დაიწყო.

“ახლად შექმნილი ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში დააბანდებს“,-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ჩინური კომპანია CEFC 2002 წელს დაფუძნდა და ჩინეთის 10 უმსხვილეს კერძო კომპანიაში შედის. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2015 წელს ენერგეტიკული კომპანიის შემოსავალმა 263.1 მილიარდ იუანს გადააჭარბა.

„საპარტნიორო ფონდმა“ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის”ფარგლებში ჩინეთის ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიასთანაც გააფორმა მემორანდუმი.

ფონდის ინფორმაციით, ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების გახორციელებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები „საპარტნიორო ფონდთან“, რის შედეგადაც მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

საქსტატის 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის  მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. მოცემულ პერიოდში ჩინეთში საექსპორტო საქონელს შორის ღვინოს მეორე ადგილი უკავია.

სხვა ინვესტიციები

ორდღიან ფორუმს ვენეციის პორტის პრეზიდენტი პინო მუსოლინო ესწრებოდა. მისი განცხადებით, ვენეციის პორტი საქართველოში ანაკლიის პორტით არის დაინტერესებული.

“დაინტერესებულები ვართ ანაკლიის პორტის პოტენციალით. მნიშვნელოვანია აგრეთვე არა მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, არამედ ინტეგრაცია მთლიანად ევროპის ეკონომიკურ სისტემასთან. ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და მიწოდების ქსელების განვითარების მიზნით ჩვენ შეხვედრები გვექნება სავაჭრო პალატასთან და საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა მუსოლინომ.

თბილისის აბრეშუმის ფორუმზე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ განაცხადა, რომ გარდაბანში 300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური აშენდება.

ფორუმის ბოლო დღეს დელეგატებს დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა. მინისტრის თქმით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-თან 7.7%-ის ფარგლებში იქნება. ფორუმზე გამოსვლისას, ეკონომიკის მინისტრმა საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე  და Moody’s-ის მიერ ეროვნული რეიტინგის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

Doing Business-ის რეიტინგში წელს საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და მე-16 ადგილიდან  მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანამ  Ba3-დან Ba2-მდე გაიუმჯობესა პოზიცია Moody’s-ის რეიტინგშიც.

 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, ორდღიან ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრებოდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.