ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე: ჩემთვის გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფია უფრო ღირებულია

29 ნოემბერი, 2017 • 2258
გედევან ფოფხაძე: ჩემთვის გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფია უფრო ღირებულია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ომბუდსმენობის კანდიდატებს შორის მისთვის უმრავლესობის მიერ წარდგენილ ნინო ლომჯარიას კანდიდატურაზე უფრო ღირებული “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილი გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფიაა.

ეს განცხადება მან 29 ნოემბერს საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა.

“მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ორივე კანდიდატი, რომელიც არის წაარმოდგენილი, კვალიფიკაციით, ჩემი აზრით, კითხვის ნიშნებს ნამდვილად არ ბადებს. მე ქალბატონ ლომჯარიასაც ვუსენდი გუშინ ფრაქციაზეც, უმრავლესობაზეც, კომიტეტზეც და საკმაოდ კვალიფიციური კანდიდატია, რომელსაც კარგი ხედვა აქვს ომბუდსმენის პოზიციაზე თავისი რეალიზაციის. თუმცა, მე გულწრფელად მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ბატონი გიორგის ბიოგრაფია ჩემთვის უფრო ღირებულია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მისი ღირებულებები, ხედვა და ფასეულობები უფრო ახლობელია ჩემთვის,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სახალხო დამცველის პოსტზე ფრაქცია “საქართველოს პარტიოტების” მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. ფოფხაძეს ხმა კომიტეტის სამმა წევრმა მისცა, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო ექვსმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

მიუხედავად ადამიანის უფლებათა კომიტეტის უარყოფითი რეკომენდაციისა, გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა მაინც გავა პლენარულ სხდომაზე. 28 ნოემბერს უმრავლესობის მიერ დაყენებულ ნინო ლომჯარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით კომიტეტმა დადებითი დასკვნა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი