გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

სახალხო დამცველის პოსტზე ფრაქცია “საქართველოს პარტიოტების” მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. ფოფხაძეს მხარი კომიტეტის სამმა წევრმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო ექვსმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

მიუხედავად ადამიანის უფლებათა კომიტეტის უარყოფითი რეკომენდაციისა, გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა მაინც გავა პლენარულ სხდომაზე. 28 ნოემბერს უმრავლესობის მიერ დაყენებულ ნინო ლომჯარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით კომიტეტმა დადებითი დასკვნა მიიღო.

გიორგი ფოფხაძე საკომიტეტო მოსმენის დროს საფრანგეთში იმყოფებოდა და განხილვაზე მობილურით ჩაერთო.

ირმა ინაშვილმა ფოფხაძის წარდგენისას განაცხადა, რომ ფოფხაძე ერთი პარტიის სახალხო დამცველი არ იქნება:

“მე მინდა ქართული ოცნების იმ ბირთვს ვთხოვო გიორგ ფიოფხაძის კანდიდატურის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. გიორგი ფოფხაძე არის პიროვნება, რომელსაც აქვს ყველა ის თვისება, რომელიც სჭირდება სახალხო დამცველს… მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის არ იქნება ერთი პარტიის სახალხო დამცველი… მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფოფხაძე იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი სახალხო დამცველი,”- განაცხადა მან.

ამის შემდეგ, გიორგი ფოფხაძეს კითხვები კომიტეტის წევრებმა დაუსვეს.

ინაშვილის წარდგენის შემდეგ გიორგი ფოფხაძემ განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში” ბევრი მეგობარი ჰყავს და არ გამორიცხავდა, მათ მიერ ყოფილიყო დასახელებული. მან აღნიშნა, რომ როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს მამუკა მდინარაძე დააპატიმრეს, ევროსასამართლოში სწორედ მან მიიტანა მდინარაძის საქმე.

საკუთარ გეგმებზე საუბრისას, ფოფხაძემ განცხადა, რომ სრულიად ევროპულ რელსებზე დგას სახალხო დამცველის აპარატი.

“საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ერისა, ეროვნებისა, სქესისა, სექსუალური მიმიდნარეობისა, რელიგიური მრწამსისა, იყოს დაცული მათი უფლებები და არ იყოს დიფერენციაცია გაკეთებული ადამიანებს შორის მათი ან რასობრივი, ან რელიგიური, ან სექსუალური ნიშნით. ამასთანავე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ტრადიციების მიმდევარი ქვეყანა, ისევე, როგორც ის ქვეყანა, საიდანაც გერთვებით, საფრანგეთი კათოლიკური ქვეყანაა… სადაც პრიორიტეტი ერთ რელიგიას, კათოლიკურ რელიგიას გააჩნია,”- განაცხადა მან.

მანვე ისაუბრა შრომის კოდექსის მიღებაზე და მის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე, ასევე, სოციალური ფონის გამოსწორებაზე.

“მძიმე სოციალური ფონის გამოსწორება – ეს აუცილებელი და საკმარისი პირობაა, რომელიც უნდა განიხილოს სახალხო დამცველის აპარატმა, ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩემთვის იქნებოდა ციხეების მონიტორინგი იმიტომ, რომ ეს ევროპაში ერთ-ერთ მთავარი საკითხია… ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება გაჭირვებაში, შეჭირვებაში მყოფი ადამიანების და ქართველი ემიგრანტების დაბრუნების პროცესში მათი უფლებების დაცვა,”- განაცხადა ფოფხაძემ.

 

გიორგი ფოფხაძე მობილურით ჩაერთო კომიტეტის სხდომაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი