ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შოტლანდიაში ქართული მხარის მოთხოვნით მოხსნილ აფხაზურ მემორიალს შეუცვლელად დააბრუნებენ

29 ნოემბერი, 2017 • 5371
შოტლანდიაში ქართული მხარის მოთხოვნით მოხსნილ აფხაზურ მემორიალს შეუცვლელად დააბრუნებენ

ქართული მხარის მოთხოვნით, შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში 90-იან წლებში დამონტაჟებულ ქართულ-აფხაზური ომის მსხვერპლთა მოხსნილ მემორიალს, ტექსტის შეუცვლელად, დააბრუნებენ მანამდე, “სანამ ყველა მხარისთვის მისაღები ტექსტის ფორმულირება და შინაარსი არ იქნება შეჯერებული”, – განუცხადეს გამოცემა OC media-ს აღმოსავლეთ ეირშირის საბჭოში [მის შემადგენლობაში შედის ქალაქი კილმარნოკი] წერილის პასუხად.

გამოცემის ცნობითვე, მიღებულ პასუხში ასევე წერია, რომ “საბჭო აღნიშნულ სამუშაო პროცესში ყველა მხარის ჩართვას მიესალმება”.

შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული, აფხაზური დროშის ფონზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟის შესახებ 10 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა ნეტგაზეთთან  ისაუბრა და  განაცხადა, რომ პირადად მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში, კონკრეტულად კი, შოტლანდიაში გამართულ იმ მაღალი დონის შეხვედრებში, სადაც ქართულმა მხარემ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული აფხაზური მემორიალის დემონტაჟის საკითხი დააყენა.

აფხაზური მემორიალის დემონტაჟის საკითხს ნეგატიურად გამოეხმაურა არა მხოლოდ აფხაზური მხარე. ამ ნაბიჯისთვის საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა ქართულმა მხარემ, განსაკუთრებით კი- სამშვიდობო პროცესებში ჩართულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი ნაბიჯები აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ხელს არ შეუწყობს.

კრიტიკის შემდეგ ქართულმა მხარემ ახალი განცხადებები გააკეთა. მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მემორიალის დემონტაჟი ქართულ მხარეს არ მოუთხოვია.

“ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს ყველაფერი მოეყვანა შესაბამისობაში, გაესწორებინა, დაეკორექტირებინა. ამ მიზნით მოხდა დროებითი დემონტაჟი, და როცა გასწორდება, თავის ადგილზე დაბრუნდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის უთხოვია მისი მოხსნა ან საერთოდ დანგრევა”, – განაცხადა მაშინ დონდუამ.

რამდენიმე დღეში მოხსნილ მემორიალზე განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმაც გააკეთა. მინისტრის განცახდებაში წერია, რომ შოტლანდიაში კვლავ უნდა განთავსდეს აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპულთა მემორიალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი