საია

საია: სამთავრობო ცვლილებები “მუდმივი მეთვალყურის” ინსტიტუტის აღდგენის საფრთხეს აჩენს

მთავრობის მიერ წარდგენილი  კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონში რიგ ცვლილებებს მოიცავს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” რისკის შემცველად მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ცვლილებებით კნინდება 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გატარებული რეფორმების მნიშვნელობა, რომლებიც ე.წ. ოდეერების ინსტიტუტს ეხებოდა.

“საია” ხაზს უსვამს ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც სუსის მოსამსახურეს უფლებას აძლებს, თავის მოვალეობათა შესასრულებლად, თანამდებობა ეკავოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ისე, რომ სუსისთვის მისი კუთვნილება არ გაამჟღავნოს.

“უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომლისათვის ამ სახის უფლებამოსილების მინიჭება აჩენს რისკს, აღდგეს მავნე პრაქტიკა, რაც გულისხმობს „მუდმივი მეთვალყურის“ ყოლას სახელმწიფო დაწესებულებებსა თუ კერძო სტრუქტურებში. ამავდროულად, არსებითად დააკნინებს 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ოდეერების ინსტიტუტთან დაკავშირებით განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს”, – ნათქვამია “საიას” განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე ამახვილებს ყურადღებას სუს-ისა და “საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” უფროსებისა მოადგილეებისთვის თანამდებობის პირის სტატუსის შესაძლო მოხსნაზე და აცხადებს, რომ “ცვლილება უარყოფითად აისახება აღნიშნულ პირთა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე”.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” არამიზანშეწონილად მიაჩნია სამთავრობო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და ფიქრობს, რომ სახელმწიფოს პროცესში საზოგადოების ჩართულობა უნდა უზრუნველეყო.

განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არსებობს არაერთი შინაარსობრივი საკითხი, რომელიც სიღრმისეულ გააზრებას და რეალურ დისკუსიას საჭიროებს, სასურველია, რომ მსგავსი მასშტაბის რეფორმები განხორციელდეს საჯარო განხილვებისა და მაქსიმალური კონსენსუსის ფონზე”.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთიანდება, რაც გულისხმობს, რომ სუს-ის ფუნქციებს სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები ემატება.

მთავრობის ამ კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება “საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონი და შესაბამისი ცვლილებები აისახება “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან