ვაშაძე: სხვა პარტიებთან ერთად, არჩევნების გაყალბების მექანიზმებს სტრასბურგში გავასაჩივრებთ

დღეს, 29 ნოემბერს, “ახალმა საქართველომ” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების კვლევის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნები გაყალბდა, ხოლო გაყალბების მექანიზმებს სხვა პარტიებთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გუნდის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო თბილისის შედეგები, რომელიც მათი თქმით, არჩევნების დღეს უბანზე ხმის მიცემისა და ხმების დათვლისას გამოვლენილ სხვადასხვა დარღვევებს ასახავს.

როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, დედაქალაქში არსებული 10 საარჩევნო ოლქს შორის დარღვევებით, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლით, გამოირჩევა ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის და გლდანის საარჩევნო ოლქები.

“ახალი საქართველოს” განცხადებით:

  • ვაკეში ფიქსირდება ყველაზე მეტი ბიულეტენის დაკარგვა (610), ასევე, ერთ-ერთი მოწინავეა შემაჯამებელი ოქმების შესწორების ოქმების რაოდენობით (29);
  • ისნის 34-ე უბანზე, საუბნო პროპორციული შემაჯამებელი ოქმში, ერთ-ერთ სუბიექტს უფიქსირდება 122 ხმა, თუმცა გადახაზულია 1 და იკითხება, როგორც ვარსკვლავი. შესაბამისად, სუბიექტს უფიქსირდება 22 ხმა, ხოლო მონაცემთა შეჯამებისას ფიქსირდება 100 დაკარგული ბიულეტენი;
  • დიდუბის 34-ე უბანზე ერთ-ერთ სუბიექტს ხმების დათვლისას დაუფიქსირდა 30 ხმა, ხოლო შემაჯამებელ ოქმში დაუწერეს 0, რაც დაადასტურა უბანზე ათმა კომისიის წევრმა, თუმცა შემდგომში სუბიექტის წარმომადგენლის პრინციპული პოზიციით გასწორდა შესწორების ოქმი;
  • ასევე, არსებობს სხვადასხვა ოლქებში დაფიქსირებული შემთხვევები, როდესაც არსებული დისბალანსის გასწორება ხდებოდა ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმების დაკლების ხარჯზე.

პარტიის ლიდერი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩამოთვლილ დარღვევებს უშედეგოდ ასაჩივრებდნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო კომისიებში. მისი თქმით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში არც კი განიხილავდნენ მათ სარჩელებს. როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, არჩევნებთან დაკავშირებით აბსოლუტურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებს ყოველთვის სასამართლო ხელისუფლება:

ჩვენ სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს ყველა დარღვევის ფაქტი, თუმცა ამოწურულია ეს ნაწილი იმიტომ, რომ სასამართლო თავად არის ერთ-ერთი მექანიზმი ამ გაყალბების. სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ვიმუშავებთ სტრასბურგისთვის სარჩელის მოსამზადებლად გაყალბების მექანიზმებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამას დრო უნდა – ძალიან გრძელვადიანი პროცესია სტრასბურგი.”

“ახალი საქართველოს” მსგავსად, ოქმები გასაჩივრებული ჰქონდა სხვა სუბიექტებსაც. ოპოზიციური პარტიები ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა, როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ამას აზრი არ ჰქონია.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაყალბების პროცესს ხელი შეუწყო მოქმედმა კანონმდებლობამ, რომელიც მისი თქმით, წინასაარჩევნოდ, კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს.

პოლიტიკური პლატფორმის წევრებმა პრეზენტაციაზე საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას ეხება.

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გიორგი ვაშაძის გუნდს სურს, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, კერძოდ:

  1. პარტიების ფინანსების გამჭვირვალობა;
  2. კომისიების დაკომპლექტების წესი, რაც გამორიცხავს ხელისუფლების მანიპულაციის შესაძლებლობებს;
  3. ხმების დათვლის ელექტრონული/ოპტიკური მექანიზმის შემოტანა და სხვა პროცედურული საკითხები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს საარჩევნო მანიპულაციების რისკებს.

“ახალი საქართველოს” წევრების განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული ცვლილებების პაკეტი გამორჩეულია იმით, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს აყენებს თანაბარ მდგომარეობაში და უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების სამართლიან და პროპორციულ ასახვას.

“ახალი საქართველოს” 2017 წლის არჩევნების კვლევის პრეზენტაცია. 29.11.2017. ფოტო: ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.