ახალი ამბები

თენგიზ გუნავა: ვერანაირი ზეწოლით ვერ გვათქმევინებენ უარს თავისუფლებისთვის ბრძოლაზე

15 ივლისი, 2013 • • 1153
თენგიზ გუნავა: ვერანაირი ზეწოლით ვერ გვათქმევინებენ უარს თავისუფლებისთვის ბრძოლაზე

 

გუნავამ აღნიშნული განცხადება მისი ადვოკატის, გიორგი ონიანის მეშვეობით გაავრცელა, რომელმაც თავისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს, 15 ივლისს მოინახულა.

 

“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ჩემთვის ქვეყანა, ოჯახი და მეგობრები ის ღირებულებებია, რისთვისაც უნდა იცხოვროს ადამიანმა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო ბერკეტი გამოიყენა ჩემ წინააღმდეგ, ჩამიდეს ნარკოტიკი, იარაღი და ბოლოს დამაბრალეს სახელმწიფო ქონების მითვისება, რათა ვეიძულებინეთ შემეწყვიტა ბრძოლა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის. ასევე მოექცნენ ჩემს არაერთ მეგობარს და 2008 წლის გმირები ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და არაერთი სხვა სხედან განსასჯელის სკამზე. მინდა განვაცხადო, რომ ვერანაირი რიგებით პროკურატურასთან და ვერანაირი ზეწოლით ვერ აგვაღებინებენ ხელს და ვერ გვათქმევინებენ უარს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე , ბრძოლა არის ბოლომდე, არც ერთი ნაბიჯი უკან”, – ნათქვამია თენგიზ გუნავას განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა დამნაშავედ სცნო მითვისებისთვის და მას  12 ივლისს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს.

 

თენგიზ გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება), 182-ე მუხლით (მითვისება) და 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) ჰქონდა წაყენებული. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, სასამართლომ გუნავა უდანაშაულოდ ცნო 333–ე მუხლის მიხედვით წაყენებულ ბრალდებაში.

 

თენგიზ გუნავა აღნიშნულ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში უახლოეს პერიოდში გაასაჩივრებს.

 

პროკურატურა თენგიზ გუნავას ედავებოდა მისი მძღოლის დაჭრას, 3 000 ლიტრი საწვავის ტალონების გაფლანგვას და 49 500 ლარის მითვისებას. სასამართლომ ის დამნაშავედ მხოლოდ 49 500 ლარისა და 3 000 ლიტრი საწვავის მითვისებაში ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი