ახალი ამბები

მთავრობამ წიაღისეულის მოპოვებასა და წითელი ნუსხის მცენარეების ამოღებაზე ნებართვა გასცა

29 ნოემბერი, 2017 • 1455
მთავრობამ წიაღისეულის მოპოვებასა და წითელი ნუსხის მცენარეების ამოღებაზე ნებართვა გასცა

საქართველოს მთავრობამ ნებართვა გასცა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭალახმელასა და მაღლაკონში, წიაღისეულის მოპოვებაზე, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გადასახადისგან გათავისუფლებასა და წითელ ნუსხაში შეტანილი 149 ძირი ჩვეულებრივი წაბლის ამოღებაზე.

მთავრობის 2017 წლის 3 ნოემბრის განკარგულებით, სახელმწიფომ სამშენებლო კომპანიას უფლება მისცა, რომ აღნიშნულ სოფლებში მოიპოვოს 25 000 მ3 ანდეზიტო–ბაზალტი. მთავრობამ კომპანია 3 თვით გაათავისუფლა წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისაგან, სანაცვლოდ კომპანიამ უნდა გადაიხადოს 22 500 ლარი.

ამის გარდა, სამშენებლო კომპანიას მთავრობამ  მისცა ნებართვა, რომ ამ ტერიტორიაზე წითელ ნუსხაში შეტანილი 149 ძირი ჩვეულებრივი წაბლი ამოიღოს და დაუკოტრავი მერქნული რესურსი აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დაასაწყობოს.

მოპოვებული წიაღისეული სამშენებლო კომპანიამ სენაკი–ფოთი–სარფის კვარიათი- სარფის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის უნდა გამოიყენოს. სამშენებლო კომპანიამ აღნიშნული გზის მონაკვეთზე, რომელიც სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარეობს, გზის აღდგენა–გამაგრების, ქვათაცვენისგან დაცვისა და ფერდობის გამაგრების სამუშაოები უნდა განახორციელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი