ახალი ამბები

მიქაუტაძის საქმის გამოძიების გაგრძელებას პროკურატურისგან ითხოვენ

15 ივლისი, 2013 • 1108
მიქაუტაძის საქმის გამოძიების გაგრძელებას პროკურატურისგან ითხოვენ

 „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” მთავარ პროკურორს მოუწოდებს, “მამუკა მიქაუტაძის უკანონო დაკავებასთან, მის მიმართ არაადამინური და დამამცირებელი მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს.”

 

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ აღნიშნა: “იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი წარმმართველი პირები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ, როგორც სამართლის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ არ უნდა არსებობდეს იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირი მოვლენების მონაწილე პირებთან, არამედ ისინი პრაქტიკულადაც დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ. ეფექტიანი გამოძიება, რომელსაც მოითხოვს მე-2 მუხლი, განამტკიცებს საზოგადოების რწმენას, რომ ხელისუფლებას ძალუძს უზრუნველყოს სამართლის უზენაესობა, რათა აღკვეთოს უკანონო ფარული გარიგებების ნებისმიერი გამოვლინება ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება და როდესაც საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების ან სახელმწიფო ორგანოების ხელი ურევია, უზრუნველყოს, რომ მათ პასუხი აგონ თავიანთი ქმედებებისათვის, რომლებსაც შედეგად ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.“- ნათქვამია GDI-ის განცხადებაში. 


აქედან გამომდინარე  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” მიაჩნია, რომ ხსენებულ საქმეზე გამოძიებას უნდა აწარმოებდეს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

“როგორც გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, გამოძიება ამჟამად მუშაობს მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის კუთხით, რაც უკვე აჩენს გარკვეულ ეჭვებს მისი ადეკვატურობის შესახებ. აუცილებლად ვთვლით, რომ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მიქაუტაძის უკანონო დაკავებისა და მის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებითაც, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მოპყრობა გახდა მის მიერ ჩვენების მიცემის საფუძველი, ხოლო ჩვენების მიცემის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.”


საქმის პროკურატურის მიერ გამოძიებას ითხოვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. 

 

მამუკა მიქაუტაძის ცოლის, ზიზი ეძგვერაძის თქმით, ოჯახი ახალი დეტალების გარკვევის მოლოდინშია. 


წინასწარი ინფორმაციით, მიქაუტაძემ  თავი მოიკლა რამდენიმე დღის წინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში გამართული დაკითხვიდან დაბრუნდა. როგორც ოჯახი აცხადებს, მამუკა მიქაუტაძე აიძულეს მეგობრის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, რის გამოც მან გადაწყვიტა თავი მოეკლა. შსს–მ უკვე დაიწყო გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, თუმცა, საქმის კონკრეტული, ახალი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.


დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით, გარდაცვლილის კისერზე არსებული დაზიანება ჩამოხრჩობის შედეგადაა გამოწვეული. გარდა ამისა, მიქაუტაძის სხეულზე აღმოჩნდა მხოლოდ ერთი დაზიანება, სისხლნაჟღენთი მარცხენა ნესტოსთან. ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული დაზიანება მიქაუტაძეს გარდაცვალებამდე აქვს მიღებული საშუალოდ 24 საათის განმავლობაში.

 

როგორც ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, არცერთი მეთოდით არ შეიძლება გამორკვევა, კონკრეტულად რომელ საათზე მიიღო გარდაცვლილმა დაზიანება და შესაძლოა ემთხვეოდეს როგორც მისი პოლიციაში ყოფნის, ისე იქიდან გამოსვლის შემდგომ პერიოდს.

 

ექსპერტიზის მიხედვით, სხვა დაზიანება მიქაუტაძის სხეულზე არ აღენიშნება. მისივე თქმით, შესაძლა გარკვეული ზეწოლის შედეგად შინაგანი ორგანოები დაზიანდეს ისე, რომ ეს სხეულის ზედაპირზე გამოკვეთილად არ აისახოს, თუმცა ამის გარკვევას შინაგანი ექსპერტიზის ჩატარება სჭირდება, რომელიც მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა სამართალდამცავი უწყების მოთხოვნით. ექსპერტიზის პასუხი მინიმუმ 20 დღეში უნდა იყოს. გარდა ამისა, ოჯახს სურდა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაეტარებინა,  თუმცა საბოლოოდ მათ აღნიშნულზე უარი განაცხადეს.


მიქაუტაძის ცოლი ნეტგაზეთთან დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე უარის თქმით მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, ის ენდობა სამხარაულის ექსპერტიზის პასუხს და გარდა ამისა, მისივე თქმით, შინაგანი ექპსერტიზის ნებისმიერი პასუხი საქმის არსს ვერ შეცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი