ახალი ამბები

ქალის მკვლელობა 2000 დოლარის სანაცვლოდ

15 ივლისი, 2013 • 2259
ქალის მკვლელობა 2000 დოლარის სანაცვლოდ

მკვლელობაში ბრალდებულებს ხელვაჩაურის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. 25 წლის რაიხონ კურანბაევა უზბეკეთის მოქალაქე იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის საქართველოში ნარგიზ ბეგი რახმანოვამ პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით ჩამოიყვანა. გოგონას მალე შეექმნა ფსიქიკური პრობლემები. ის რახმანოვას ემუქრებოდა, რომ სამშობლოში დაბრუნდებოდა და დაასმენდა პოლიციაში ქალების პროსტიტუციაში ჩაბმის შესახებ. ხელვაჩაურის პროკურორის ლაშა კლდიაშვილის თქმით, “ამის გამო ნარგიზმა გადაწყვიტა გოგონა თავიდან მოეშორებინა, რადგან ის არამხოლოდ საქართველოში უქმნიდა პრობლემას, არამედ უზბეკეთშიც იმავეს აპირებდა, სადაც კანონი ანალოგიური დანაშაულისთვის გაცილებით მკაცრია, ვიდრე საქართველოში”.

 

გამოძიების მასალების მიხედვით, ნარგიზმა, რომელიც მაისის ბოლოს გაემგზავრა საქართველოდან, უზბეკეთის მოქალაქე ხაიოტ რაჯაბოვს 2000 დოლარის სანაცვლოდ გოგონას მოკვლა შეუკვეთა.

 

გამოძიების მონაცემებით, მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ორმა მცხოვრებმა – ბიძაშვილებმა კახა დ.მ, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია და ანზორ დ-მ. ეს უკანასკნელი ტაქსის მძღოლად მუშაობდა. კახა დ. რაჯაბოვმა მოძებნა. რაჯაბოვი საქართველოში ბოლო ორი წელია ცხოვრობს.

 

გამოძიების მასალებით, ჯგუფმა სწორედ ანზორ დ-ს ტაქსით წაიყვანა მსხვერპლი 22 მაისს თბილისის მიმართულებით. გოგონა მოატყუეს, რომ მას თბილისის აეროპორტიდან სამშობლოში გაამგზავრებდნენ.

 

აღიარებითი ჩვენებების მიხედვით, ჯგუფი შეჩერდა სურამში და ისაუზმა, ხაშურიდან კი გზა გააგრძელეს არა თბილისის მიმართულებით, არამედ გეზი ბორჯომისკენ აიღეს და ახალციხე-ადიგენის მხრიდან ბეშუმში ავიდნენ. გოგონა ავტომანქანიდან გადაიყვანეს კახა დ.მ და ხაიოტ რაჯაბოვმა და თავში ქვის ჩარტყმით მოკლეს, 23 მაისს, ღამის 2 საათზე. გვამი ცოტა მოშორებით ჩაათრიეს და იქვე დატოვეს. ჯგუფი ბათუმისკენ დაიძრა.

 

ლაშა კლდიაშვილი ამბობს, რომ დაკავებულების აღიარებით ჩვენებების საფუძველზე სხვა ნივთმტკიცებულებაც აღმოაჩინეს, მაგალითად, გარდაცვლილის ტელეფონი, რომელიც დაშლილ მდგომარეობაში იპოვეს დანაშაულის ადგილზე, ბუჩქებში, ასევე გოგონას პირადი ნივთების ნარჩენები.

 

ლაშა კლდიაშვილი: “გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა გაენადგურებინა გოგონას ნივთები. უკანა გზაზე, შუახევში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერეს ავტომანქანა, საიდანაც გადავიდა კახა დ. და 2 ლიტრი ბენზინი იყიდა. გზად შეიარეს მისსავე სოფელში და გოგონას ნივთები დაწვეს”.

 

ლაშა კლდიაშვილის თქმით, ორ ბრალდებულს ამ საქმის სანაცვლოდ 1000-1000 დოლარი შეხვდა. მძღოლს კი “ბენზინი ჩაუსხეს და დამატებით 200 დოლარი მისცეს”.

 

ხელვაჩაურის პროკურატურამ ხაიოტ რაჯაბოვს და კახა. დ-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინა – განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად, ანგარებით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. მძღოლს 376-ე მუხლით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – შეუტყობინებლობა. თუმცა, ხელვაჩაურის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალი მძღოლსაც დაუმძიმდეს.

25 წლის უზბეკი ქალის გვამი კურორტ ბეშუმში იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით ქალი 23 მაისს, თავში ქვის ჩარტყმით მოკლეს. ფოტო: გელა ძნელაძე
25 წლის უზბეკი ქალის გვამი კურორტ ბეშუმში იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით ქალი 23 მაისს, თავში ქვის ჩარტყმით მოკლეს. ფოტო: გელა ძნელაძე

 

გამოძიების ვერსიით, რატომ არ დამარხეს მოკლული? – ამ კითხვაზე პროკურორი პასუხობს, რომ სავარაუდოდ, ჯგუფს ჰქონდა იმედი, რომ გვამს ნადირი გაანადგურებდა. თუმცა დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მათ ხაშურში სცადეს ბარების შესყიდვა, მაგრამ ვერ მოახერხეს.

 

პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებსაც ხელვაჩაურის სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, ყველაფერს აღიარებენ. ერთადერთი წინააღმდეგობა ის არის, რომ კახა და ხაიოტი ერთმანეთს ადანაშაულებენ – “არა იმან ჩაარტყა ქვა და არა იმან”.

 

ბრალდებულები ხომ არ იტყვიან, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის გამო მისცეს პროკურატურას? – ამ კითხვის პასუხად ლაშა კლდიაშვილი ამბობს, რომ ეს გამორიცხულია, რადგან დაკავების მომენტიდან სამივეს ჰყავდა ადვოკატი.

 

რაიხონ კურანბაევას გარდაცვალების შესახებ უკვე შეატყობინეს როგორც მის ოჯახს, ისე უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ ოჯახი ვერ მოახერხებს ცხედრის გადასვენებას, მაშინ რაიხონ კურანბაევას ურეხში, მიუსაფართა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

ლაშა კლდიაშვილის ინფორმაციით, საქმის გახსნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმ გოგონებმა, ვისთან ერთადაც რაიხონ კურანბაევა ბათუმში ცხოვრობდა და რომლებიც ასევე პროსტიტუციაში არიან ჩართულნი. ხელვაჩაურის პროკურატურასთან ერთად საქმეს ხულოს რაიონის დეტექტივ-გამომძიებლები და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლები იძიებდნენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კახა დ-ს და ხაიოტ რაჯაბოვს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, რომელიც 19 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის თვალსაზრისთ მდგომარეობა გაუარესდა: „საქართველოდან ქალები სექსუალური ტრეფიკინგის მიზნით კვლავაც მიჰყავთ თურქეთში, არაბეთში, შედარებით უფრო ნაკლებად – ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანიასა და ავსტრიაში. ასევე, ქალები უზბეკეთიდან და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდანაც ჩაჰყავთ საქართველოში, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონაში – ბათუმსა და გონიოში, სადაც მათ პროსტიტუციას აიძულებენ”.

 

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს მაჩვენებელი ადამიანებით ვაჭრობის თვალსაზრისით გაუარესდა – ქვეყანამ პირველი კალათიდან მეორე კალათაში გადაინაცვლა. საქართველო რჩება ტრეფიკინგის წყაროდ, სატრანზიტო და მიმღებ ქვეყნად, წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლის განმავლობაში იკლო გამოძიების რიცხვმა და ტრეფიკიორების წინააღმდეგ გამოტანილმა სასჯელმაც, ასევე ნაკლებია ტრეფიკინგის იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობა.

 

შს სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლის იანვრიდან დღემდე 4 საქმეზე აღიძრა საქმე ტრეფიკინგის მუხლით. ამავე უწყების პრესცენტრის მონაცემებით ამ დროისთვის ორი საქმე გახსნილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი