ანაკლიის პორტმა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებთან მემორანდუმი გააფორმა

ანაკლიის პორტმა, “თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.  ამის შესახებ განცხადებას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ავრცელებს. 

“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტისა და ყაზახეთის პორტ კურიკის წარმომადგენლებთან ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მოაწერა. ბაქოს პორტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა. კურიკის პორტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთის მხრიდან ხელი მოაწერეს პორტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტალგატ ოსპანოვმა და  „სეიმურგ ინვესტის“ გენერალურმა დირექტორმა ისკანდერ აბდულხალიკოვმა, ” – ნათქვამია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პორტებს შორის შეთანხმება ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებასა და ანაკლიის მშენებლობის დასრულებისთანავე ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ანაკლიის  პორტი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს რუმინეთის პორტ კონსტანცას ნავსადგურთანაც.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. პორტის  პირველუი ფაზის გახსნა და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021წლისთვის იგეგმება.

 


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან