ახალი ამბები

მოქალაქე პატრულს ძალადობასა და ნარკოტიკების ჩადების მუქარაში ადანაშაულებს

28 ნოემბერი, 2017 • 2086
მოქალაქე პატრულს ძალადობასა და ნარკოტიკების ჩადების მუქარაში ადანაშაულებს

მოქალაქე გიორგი პერტაია სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი ავრცელებს”, რომელიც სასამართლოში მოქალაქის ინტერესებს იცავს.

გიორგი პერტაიას თქმით, 26 ნოემბერს თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე, ავტომანქანით მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, როცა პოლიციამ გააჩერა და დოკუმენტაცია სთხოვა. დოკუმენტების გადაცემის შემდეგ კი, მოქალაქის გადმოცემით, სამართალდამცავები აგრესიულ ქმდებებზე გადავიდნენ და წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, გზაში კი როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ; ასევე ემუქრებოდნენ ნარკოტიკის ჩადებით.

“პოლიციის თანამშრომლებმა დამადეს ხელბორკილები, ჩამსვეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და გადამიყვანეს დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში. გზაში პოლიციის თანამშრომლები მაყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცყოფას. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი ნასვამი, ასევე ვიყავი ნარკომანი და ამის გამო დამიჭერდნენ. ჩემი უარყოფისა და ნარკოლოგიურში შემოწმების მოთხოვნის შემდეგ მიპასუხეს, რომ არ იყო პრობლემა, რადგან ნარკოტიკების ჩადებას მარტივად შეძლებდნენ. მუქარასა და გინებასთან ერთად მაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცყოფასაც“- აცხადებეს ის.

27 ნოემბერს პერტაია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც საქმე მისი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით განიხილეს. მოსამართლემ პოლიციის თანამშრომლებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა და პროცესი 5 დეკემბრისთვის გადადო.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა დაარღვიეს სსკ-ს 333-ე მუხლი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

“ნეტგაზეთმა” მომხდარის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა, თუმცა ინფორმაცია უწყებიდან ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი