რატომ ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ევა გოცირიძის კანდიდატურას

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს შებღალავს.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ისეთი გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები, როგორიც მმართველმა გუნდმა მიიღო, პირველ რიგში, ურტყამს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელის წევრიც უნდა გახდეს ევა გოცირიძე. მისი შეფასებით, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებას ისედაც მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილი ენდობა, ხოლო დახურულ კარს მიღმა შერჩეული და 3 დღეში არჩეული მოსამართლე ამ ინსტიტუტის ავტორიტეტს კი არ გაზრდის, პირიქით – შებღალავს და დააკნინებს.

“ნებისმიერი სპეციალისტი საჯარო სამსახურში უფრო ხანგრძლივ დაკვირვებას, შემოწმებას და გამჭვირვალე პროცედურებს ექვემდებარება, ვიდრე ამ შემთხვევაში ასეთი მაღალი იერარქიის მოსამართლის არჩევის პროცედურა; გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა ოფიციალური წარდგენა, დღეს იყო 45 წუთიანი ფორმალური განხილვა და ხვალ ან ზეგ, დიდი ალბათობით, ეს ადამიანი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. 3 დღეში გადის ასე სწრაფად ეს პროცესი, რაც რა თქმა უნდა, გაუმჭვირვალობის მაღალი ხარისხის იქნება ეს პროცესი. ყველა ეჭვი, რომელიც გამოითქმება ამ პროცესის მიმართ, გარკვეულწილად დასაბუთებული გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმდენ ეჭვებს აღძრავს თვითონ ამ პროცედურის სისწრაფე, დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა და გაუმჭვირვალობა, ვინც არ უნდა გააკრიტიკოს რაღაცნაირად ეს კანდიდატი, ყველა ეჭვი იქნება რაღაცნაირად დასაბუთებული. შეიძლება ითქვას, რომ თავად უმრავლესობამ გასწირა ამ გაუმჭვირვალე პროცედურებით ევა გოცირიძე და ჩააგდო ასეთ ცუდ დღეში,” – აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ხდება ევა გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის საკითხის დაჩქარებული პროცედურით წარმართვა, არის ის, რომ საბოლოო ჯამში, მოუწევთ რეგლამენტის დარღვევა. გიორგი ბურჯანაძის თქმით, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ რეგლამენტი ბოლო ხუთი წელია “ქართული ოცნების” ხელშია და მათ თავისუფლად შეეძლოთ გაეუმჯობესებინათ:

“ერთი მხრივ, დღეს გვაქვს ცუდი რეგლამენტი, რომელიც მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ცუდი რეგლამენტის პირობებშიც კი ყველაზე დაჩქარებული პროცედურებით ამტკიცებენ. ძალიან გვიან წარადგინეს კანდიდატი და იმ საბაბით, რომ მალევე უნდა დაამტკიცონ იმისთვის, რომ ვადები არ დაარღვიონ, მხარს უჭერენ ამ კანდიდატს.

უმრავლესობა ისე ჩქარობს, რომ სახეზე შეიძლება იყოს გარკვეული გარიგება ან დაინტერესება. ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის გაუმჭვირვალობა, არის საფუძველი იმ ყველა ცუდი ეჭვის, რომელიც მე ან სხვა ადამიანს მოუვა, იყოს გამართლებული და დასაბუთებული. გაუმჭვირვალობა ბადებს ყველა ეჭვს. საბოლოო ჯამში, ვრწმუნდები, რომ ინტერესი აქვს ხელისუფლებას და ყველა იმ დეპუტატს, რომელიც ამას მხარს დაუჭერს.

სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ ჩვენ გვქონოდა შესაძლებლობა, მისთვის ძალიან ბევრი შეკითხვა დაგვესვა. მისი მონაწილეობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – ბევრი შეკითხვის დასმა შეიძლებოდა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით.  საინტერესო იყო მისი მოსაზრება იმ კანონზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით 2016 წელს. ასევე, საინტერესო იყო მისი მოსაზრება სტრასბურგის სასამართლოში მის არარჩევასთან და ამ პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოგვესმინა, მაგალითად, სასამართლო სისტემის რეფორმის გარშემო არსებული საკითხები იმიტომ, რომ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და NGO-ები ძალიან ბევრ თემაზე საუბრობდნენ, რომლებიც დაკავშირებული იყო კონკრეტულ გარიგებებზე შიდა კლანებთან და ა.შ. თუნდაც მის ინიციატივაზე, რომელიც უკავშირდებოდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ასე რომ, მხოლოდ მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, უამრავია საკითხია, რომელზეც გვინდოდა მისი მოსაზრების მოსმენა, მაგრამ არ მოგვასმენინეს.”

როგორც გიორგი ბურჯანაძე ამბობს, ეს არის ყველა ის საკითხი, რომელიც ევა გოცირიძის სახელის ხსენებისას წამოტივტივდება. მისი თქმით, არანაირ დაინტერესებულ პროფესიულ წრეებს, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც პოლიტიკურ ჯგუფებს არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ეს შეკითხვები დაესვა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაიაც მიიჩნევს, რომ პროცედურა დაჩქარებული იყო და ფართო საზოგადოებამ, ფაქტობრივად, მხოლოდ გუშინ გაიგო, რომ ბიუროში ევა გოცირიძის კანდიდატურა დარეგისტრირდა, ხოლო დღეს უკვე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. ამავე კვირაში მოსალოდნელია, რომ მას პლენარულ სხდომაზე  აირჩევენ. ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევა, რაც თავისთავად პრობლემურია.

“ზოგადად, რომ შევადაროთ საერთაშორისო სტანდარტებს, ამასწინათ იყო აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის არჩევა, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი განხილვა, დისკუსიები საკანონმდებლო ორგანოში და საზოგადოებაში. შეიძლება ჩვენს ქვეყანას  შორი გზა აქვს გასავლელი ამ მაღალი სტანდარტების მისაღწევად,  თუმცა დასანანია,რომ ხელისუფლება არც კი ცდილობს  დაუახლოვდეს იმ დემოკრატიულ ტრადიციებს, რაც მყარად ჩამოყალიბებული სამართლებრივი კულტურის სახელმწიფოებში არსებობს. ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში ხდება უმნიშვნელოვანესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის და შესაბამისი დისკუსიების გარეშე.

თვითონ კანდიდატურას რაც შეეხება: ხელისუფლების წარმომადგენლები საერთო სასამართლოში შექმნილ კრიზისს აბრალებენ თვითონ სასამართლო ხელისუფლებას და ამბობენ, რომ მათ შეიძლება არ მოსწონდეთ კონკრეტული მოსამართლეების წარსული საქმიანობა, თუმცა ისინი ვერ ჩაერევიან სასამართლო სისტემაში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებში … თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ის კრიზისი, რომელიც დღეს არის შექმნილი სასამართლოში, არის სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ამ გადაწყვეტილებების ერთ-ერთი ავტორი ქალბატონი ევა გოცირიძეც არის, რომელმაც მხარი დაუჭირა, მაგალითად, იმას, რომ ლევან მურუსიძე მეორედ გამხდარიყო მოსამართლე. რომ არა ქ-ნი ევას მხარდაჭერა, ლევან მურუსიძე ხელმეორედ  ვერ გახდებოდა მოსამართლე.

დღეს, როცა ასეთ მაღალ თანამდებობაზე არის იგი წარდგენილი ხელისუფლების მხრიდან, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს მის მიერ მიღებულ ძველ გადაწყვეტილებებთან; ამით ჩანს ის, რომ ქალბატონი ევას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აბსოლუტურად თანხვედრაში იყო ხელისუფლების ნება-სურვილთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოგიკურია, რომ ხელისუფლება არ დაასახელებდა ევა გოცირიძეს ასეთ მაღალ თანამდებობაზე. შესაბამისად, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ კუთხით ნამდვილად იკვეთება და ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ლევან მურუსიძის სასამართლოში ხელმეორედ დანიშვნაში მას წვლილი არ მიუძღვის,” – აცხადებს გიორგი ბერაია.

ევა გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს მხარი დაუჭირა სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას. როგორც გოცირიძემ განმარტა, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ლევან მურუსიძეს მოსამართლეთა კორპუსის “უპრეცედენტო მხარდაჭერა” ჰქონდა.

“ალბათ, ამაზე ათასჯერ გავეცი პასუხი და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ, როგორც სახელმწიფო მოხელეებმა, ჩვენ უპირატესობა მივიღეთ, მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპს, იმას რომ ბატონ ლევანს [მურუსიძეს] უჭერდა მთელი კორპუსი მხარს. მისი სამსახურიდან გაშვებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა მეტად უსიამოვნო პროცესები მთელ სასამართლო სისტემაში. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ სასამართლო სისტემის სტაბილურობის სასარგებლოდ,” – ასე განმარტა ლევან მურუსიძის მხარდაჭერა დღეს ევა გოცირიძემ.

გიორგი ბერაიასთვის გაუგებარია ევა გოცირიძის განმარტება, რის გამოც მან ლევან მურუსიძეს მხარი დაუჭირა. IDFI-ის წარმომადგენლის განცხადებით, კანონი განსაზღვრავს მოსამართლეთა შერჩევას კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის  კომპონენტების შესაბამისად. მისი თქმით, არსად წერია ისეთი ბუნდოვანი ცნებები, რაზეც ევა გოცირიძე საუბრობს და რითაც ამართლებს მის გადაწყვეტილებას ლევან მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება სხვა საკითხებს, მნიშვნელოვანია ის, რომ ქალბატონ ევას ჰქონდა საკმაოდ სახიფათო ინიციატივები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად.  იმ პირობებში, როცა სასამართლო ხელისუფლებას აქვს რეალური კრიზისი, მათ შორის, საზოგადოების ნდობის მოპოვების, ამ დროს კრიტიკა და გამოხატვის თავისუფლება არის საზოგადოების ერთადერთი რეალური მექანიზმი იმის, რომ სისტემაში არსებული ნაკლოვანებების გამოვლენით, მოახდინოს გარკვეული ცვლილებების პროვოცირება. შესაბამისად, ნებისმიერი დამატებითი რეგულირება, რომელიც შეზღუდავს ამ კუთხით საზოგადოების უფლებას, გააკრიტიკოს მათ შორის ძალიან მწვავე ფორმით, ასევე ინფორმაცია მიიღოს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელს შეუწყობს ძალიან სახიფათო ტენდენციების განვითარებას.

რომ შევაჯამო, ერთი მხრივ, პრობლემა იყო ის, რომ ძალიან დაჩქარებული ტემპებით მოხდა ქალბატონი ევას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ შერჩევა.  ამასთან, ასევე ზოგადად პრობლემურია ქალბატონი ევას კანდიდატურა იქიდან გამომდინარე, თუ რა გადაწყვეტილებები ჰქონდა მას მიღებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მისმა გადაწყვეტილებებმა, მე ვიტყოდი, რომ ხელი შეუწყო სასამართლოში იმ გავლენიანი ჯგუფების გაძლიერებას, რომელბზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და რომლებიც საფრთხეს უქმნიან ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას და ზოგადად სისტემის გაჯანსაღებას.

კიდევ ერთი საინტერესო გარემოება არის ის, რომ დღეს ძალიან აქტიურობდა ვანო ზარდიაშვილი, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ პოლიტიკურ ხელისუფლებასა და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფების დამაკავშირებელ პირად. ის მთელი შემართებით ამტკიცებდა, რომ ქალბატონი ევა არის საუკეთესო კანდიდატურა, მათ შორის, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფები მოქმედებენ შეთანხმებულად. არადამაჯერებელია ხელისუფლების მითითება იმაზე, რომ ის არ ერევა სასამართლოს საქმიანობაში და პასუხს არ აგებს იმაზე, დღეს ჩინჩალაძე დაინიშნება სასამართლოში თუ მურუსიძე. მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას მწვანე შუქი აქვს ამ ყველაფრისთვის ანთებული და ეს ვლინდება იმაში, რომ მათი დამნიშნავ პირებს აწინაურებენ ასეთ მნიშვნელოვან და საპატიო თანამდებობაზე, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა,” – აცხადებს გიორგი ბერაია.

დღესვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ის არის არჩეული პარლამენტარი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას არ აურჩევია:

“ვინც ამირჩია, მათ მითხრეს, რომ რაც ნაკლებად ამ ადამიანს [მესამე სექტორს] მოუსმენ, მით უფრო კარგი იქნება. შესაბამისად, IDFI-იმ დაწეროს თავისი რეკომენდაცია, გამოაქვეყნოს საჯარო სივრცეში, ასევე უფლება აქვს, ხოლო TI-იმ თავისი რეკომენდაცია გააკეთოს და გამოაქვეყნოს საჯარო სივრცეში… მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვიღებ მე ჩემს შეფასებაში – ქალბატონი ევა არის ძალიან კარგი იურისტი და დარწმუნებული ვარ, როდესაც ის გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ის კარგ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.”

IDFI-ის წევრი, გიორგი ბერაია აცხადებს, რომ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით არის პოპულისტური, რომელსაც ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები იმ ქვეყნებში, სადაც რუსული პროპაგანდის გავლენა იგრძნობა:

“ნამდვილად არ ვიცი, რა სტატისტიკური ინფორმაცია აქვთ ევა გოცირიძის მოსამართლეობით ამომრჩევლის კმაყოფილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლევან გოგიჩაიშვილის პოპულისტურ განცხადებას არასამთავრობო სექტორზე, ეტყობა, ბატონი ლევანიც ჰყვება იმ ტრენდს, რომელიც არსებობს კონკრეტულ  რადიკალურ ჯგუფებში, რომლებიც NGO-ებს მიიჩნევენ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო ინსტიტუციებად. ცხადია, ეს ძალიან სამწუხაროა და ასეთი ტენდენციები ყველაზე მეტად არის ისეთ სახელმწიფოებში, სადაც რუსული პროპაგანდის გავლენა იგრძნობა. რუსეთში არსებობს კანონმდებლობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები უნდა დარეგისტრირდნენ ე.წ. უცხოელი აგენტების სახელით და ხელისუფლება ეწევა მათ აქტიურ დისკრედიტიაციას. სამწუხაროა, თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამ ტენდენციებს ჰყვება.”

ევა გოცირიძე. ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტი

მოკლედ:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ ევა გოცირიძე 27 ნოემბერს წარადგინა.
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 28 ნოემბერს მისი კანდიდატურის შესახებ მხოლოდ 45 წუთი იმსჯელა.
  • 2013-2017 წლებში ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ორ სხვა კანდიდატთან ერთად წარადგინა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე, თუმცა ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა მისი კანდიდატურა ჩააგდო. ევა გოცირიძემ მაშინ განაცხადა, რომ მისი წინაღმდეგ ძალთა კონსოლიდაცია მოხდა.
  • 2017 წლის აპრილში ევა გოცირიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციები დაწესებულიყო:”მოსამართლის ხელაღებით ლანძღვა და ისეთი ეპითეტების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, რომელსაც ახლა აქვს ადგილი ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსის და ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან, რომელსაც მე დავარქმევდი მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებით ბოროტად გამოყენებას.”
  • ევა გოცირიძე, არჩევის შემთხვევაში, ჩაანცვლებს ლალი ფაფიაშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა 2007 წლის 28 დეკემბერს აირჩია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.