ახალი ამბები

ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

28 ნოემბერი, 2017 • 1677
ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებული პირის ადვოკატის სარჩელი დაუშვებლად ცნო. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ დაუდასტურა. ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 24 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის ძალითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობა შეეფარდა.

ტელეკომპანია “იმედმა”, სააპელაციო სასამართლოზე დაყრდნობით, 27 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია. “ნეტგაზეთი” ცნობის გადასამოწმებლად სასამართლოს პრესსამსახურთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს, თუმცა უწყებაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის მუხლით იძიებს საქმეს, რომლის ფარგლებშიც 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ.. დაკავებული პირის მიმართ გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი