ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: მერაბიშვილის პოლიტიკური დევნის საკითხი ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია

28 ნოემბერი, 2017 • 1675
დავით მათიკაშვილი: მერაბიშვილის პოლიტიკური დევნის საკითხი ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია

საქმეზე “ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.

“ტვ პირველის” ეთერში უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ვანო მერაბიშვილის წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს. მისი თქმით, სასამართლოს კითხვები ეხება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ერთ ეპიზოდს.

“სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით, ამავდროულად, დაადგინა შემდეგი გარემობები, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ მისი პატიმრობის, დაკავებისა და მის მიმართ გადაწყვეტილების თაობაზე სტრასბურგს კითხვის ნიშანი არ აქვს. მომჩივანი ყველაფერს ასაჩივრებდა და, როგორც საბოლოოდ
დადგინა, სტრასბურგის სასამართლოს ივანე მერაბიშვილის  დაკავების სამართლიანობასთან, შინაარსთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს. საქმე ეხება კონკრეტულ ეპიზოდს, როგორც თვითონ აცხადებს, მისი საკნიდან გაყვანის ნაწილში. რაზედაც მიიჩნია სტრასბუგის სასამართლომ, რომ ამ ფაქტს, მისი აზრით, ჰქონდა ადგილი. ეს არის სტრასბურგის შეფასება, თავისი შესაბამისი სამხილით, რომელიც იქნა გათვალისწინებული,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა

მან ასევე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური დევნის საკითხი ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია.

“ეს არ არის მარტივი საკითხი. ივანე მერაბიშვილის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობდა და არსებობს დღესაც. ჩვენი ოპოზციის მცდელობა, წარმოაჩინოს სტრასბურგის გადაწყვეტილება და მონათლოს ის, თითქოს იქ იქნა  მერაბიშვილი პოლიტიკურ  პატიმრად აღიარებული, კრიტიკას ვერ უძლებს. აქ პოლიტიკური დევნის საკითხი ერთმნიშვნელონად გამორიცხულია,  მისი პატიმრობის, წინასწარ პატიმრობას ვგულისხმობ, და  მისი დაკავების  სამართლიანობასთან დაკავშირებით სტრასბურგს არანაირი კთხვის ნიშანი არ აქვს.  თუკი არსებობს პროცედურული დარღვევა, არ გავურბივართ და ხმამაღლა ვაცხადებთ”.

მათიკაშვილმა ასევე განმარტა, რომ “ქართული ოცნების” ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას აქვს ადგილი და სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მერაბიშვილის მიმართ არსებული  პრეტენზიები არის ლეგიტიმური.

“დიახ, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ჰყვებიან არარსებულ ისტორიას, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასთან ან მის მიმართ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით კითხვები დაბადა. საზოგადოება არავინ უნდა მოატყუოს, არც უნდა ეცადოს. ადგილობრივი, ქართული,  მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზეა, შესაბამისი გადაწყვეტილებებით, რომელიც  ასევე გასაჩივრდა სტრასბურგში, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა. ერთ ეპიზოდში არსებული შეფასება, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს გავრცელებული. პირიქით,  ამ საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის არსებული პრეტენზიები, რაც მართმსაჯულების მიერ იქნა დადასტურებული, არის ლეგიტიმური და არის სიმართლე.”

განცხადების ბოლოს დავით მათიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური დევნილობის საკითხი არის ტყუილი, თუმცა, თუ საქმეში რაიმე სახის პროცედურული დარღვევა აღმოჩნდა, მას პასუხი უნდა გაეცეს.

“მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობას არავის ვაპატიებთ, არ მივცემთ საშუალებას. იმიტომ კი არ გამართლდა, რომ მის მიმართ არსებული ბრალდება არის უსაფუძვლო, წარდგენილი მასალებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ეპიზოდში სასამართლომ მიიჩნია, რომ სათანოდ გამოძიება ვერ იქნა ჩატარებული.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებითი საქმე ივანე მერაბიშვილის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს კითხვის არანაირი ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, არც წინასწარი პატიმრობის, არც მისი დაკავების სამართლიანობის, არც საქმის შინაარსიდან გამომდინარე, რაიმე სახით. ჩვენი საზოგადოება ჩვენი ხელისუფლებიდან მიეჩვია იმას, რომ კონკრეტულ გადაცდომაში ბრალდებული პირები, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხისმგებლობას აგებენ. მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი, თუ სადმე რაიმე სახის პროცედურული დაღვევა არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი. აქ არ შეიძლება განიხილებოდეს საკითხი, თითქოს საქმე ეხება მის პოლიტიკურ დევნილობას. ეს არის ტყუილი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, საქმეზე ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ “სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არის დადგენილი, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ძირითადად ემსახურებოდა თუ არა ქართული პოლიტიკიდან მერაბიშვილის ჩამოცილებას. თუმცა სასამართლომ საკმარისად დამაჯერებლად და დადასტურებულად მიიჩნია მერაბიშვილის ბრალდებები წინასწარი პატიმრობის პერიოდში ციხიდან მის გაყვანასთან და გვიან ღამით დაკითხვასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი