ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ლომჯარიას კანდიდატურას ომბუდსმენის პოსტზე მხარი დაუჭირა

28 ნოემბერი, 2017 • 2273
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ლომჯარიას კანდიდატურას ომბუდსმენის პოსტზე მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ომბუდსმენის პოსტზე მხარი დაუჭირა. სხდომას მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ.

ლომჯარიამ კომიტეტს საკუთარი ხედვა გააცნო და იმ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც არასამთავრობო სექტორში მუშაობის მანძილზე დააგროვა.

ნინო ლომჯარიას თქმით,პრინციპული იქნება საკუთარ პოზიციებში, თუ ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ან დადასტურებულ ფაქტებს ექნება ადგილი, თუმცა მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად ხელისუფლებასთანაც ითანამშრომლებს:

“მე,  როგორც ომბუდსმენი, ვიქნები ძალიან პრინციპული, თუკი ადგილი ექნება ადამიანის უფლების დარღვევის  სავარაუდო ან დადასტურებულ ფაქტებს და ამ თვალსაზრისით, ერთი მხრივ,  თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ შედეგი, უნდა ვითანამშრომლოთ როგორც პარლამენტთან, ასევე, შესაბამის უწყებებთან. და, რა თქმა უნდა, ძალიან პრინციპული შემფასებეული ვიქნები იმ სიტუაციის, თუკი ადგილი ექნება რაიმე პრობლემურ ტენდენციებს, ან არ იქნება სათანადო მზადყოფნა თანამშრომლობაზე შესაბამისი უწყებები მხრიდან. ამიტომ, მე ველოდები, რომ  ყველა არ იქნება კმაყოფილი ომბუდსმენის საქმიანობით, ეს შეიძლება იყოს ზოგჯერ ხელისუფლება, ზოგჯერ ოპოზიციური პარტიები, თუმცა, ვფიქრობ, არსებული საკანონმდებლო გარანტიების ფარგლებში, ასევე ჩემი, თუნდაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე შევძლებ, რომ ვიყო ობიექტური, დასაბუთებული და პრინციპული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე,” – ამბობს ნინო ლომჯარია.

დეპუტატებმა ლომჯარიას კითხვებიც დაუსვეს. მათ შორის ჰკითხეს, რა მიაჩნია სახალხო დამცველობის კანდიდატს მთავარ გამოწვევად და რაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ნინო ლომჯარია 28.11.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი არა მხოლოდ გამხმოვანებელი უნდა იყოს, არამედ პრობლემების მოგვარებაზე სხვადასხვა უწყებებთან ერთად უნდა მუშაობდეს. ლომჯარიას თქმით, შეეცდება საზოგადოებას დაანახოს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მათ სოციალურ მდგომარეობაზე აისახება:

“როდესაც ვსაუბრობ, მაგალითად, ქალთა შრომით უფლებებზე, უთანასწორებაზე, რაზეც, რა თქმა უნდა, უნდა ისაუბროს ომბუდსმენმა,  მაგრამ რა არის ის კონკრეტული მექანიზმები გასატარებელი, რაც ხელს შეუწყობს ქალების უფრo მეტად რეალიზაციას. მაგალითად, იმავე ბოლო არჩევნებზეც იყო საყოველთაო კონსენსუსი კანდიდატებს შორის, რომ თბილისში არ არის საკმარისი საბავშვო ბაღები და ყველა კანდიდატი აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ  სუბსიდირება უნდა მოხდეს კერძო ბაღების ბიუჯეტიდან, რომ მოქალაქეებმა შეძლონ ბავშვების უფასოდ მიყვანა ბაღში. მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის ქმედებებზეც ლობირება უნდა მოახდინოს სახალხო დამცველმა, რადგან რეალურად, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისა, რომ ქალებმა შეძლონ შვილების ბაღში წაყვანა და მათი დასაქმების უფლების რეალიზაცია და აქტიურად ჩართვა ცხოვრებაში

იგივე, როდესაც საუბარია შშმ პირთა უფლებებზე, სახალხო  დამცველი, ვფიქრობ, არა მარტო უდნა საუბრობდეს ამაზე და ჩართული იყოს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, არამედ ასევე შეიძლება მუშაობა იმავე დეველოპერებთან, სახელმწიფო უწყებებთან, რომ უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ  ნებისმიერი მშენებლობისას მოხდეს შშმ პირთა ინტერესების გათალისწინება, ვინაიდან ხშირად გადაადგილების უფლებაზე არის საუბარი. სახალხო დამცველის საქმიანობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გაცემა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად ხდება მათი ასახვა საზოგადოებაზე. ჩემი საქმიანობა უფრო მეტად იქნება მიმართული იქითკენ, რომ აისახოს ადამიანების ცხოვრებაზე” – ამბობს ლომჯარია.

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის მმართველი გუნდის მიერ წარდგენილმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა შშმ პირთა და ბავშვთა უფლებები დაასახელა:

“შშმ პირთა უფლებები, ბავშვთა უფლებები ნამდვილად იქნება ჩემი პრიორიტეტი. ვიცი, რომ იგივე სახალხო დამცველის ოფისი აქტიურად მუშობს ამ საკითხზე და ალბათ უკვე ძალიან ბევრი რამ კეთდება იქ სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით. ვიცი, რომ ძალიან პრობლემატურია ძალადობის ფაქტები ბავშვებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო სახალხო დამცველის მხრიდან ბავშვების მდგომაროების მონიტორინგზე, რომლებიც  სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან” – ამბობს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახალხო დამცველის ანგარიშები მეტ ანალიზს შეიცავდეს. ასევე, გარდა სხვადასხვა უფლებრივი მდგომარეობის შელახვის ასახვისა, გამომწვევი მიზეზების შესახებაც უნდა იყოს საუბარი.

შეხვედრის ბოლოს კომიტეტის ფორმატში უმრავლესობის დეპუტატებმა ლომჯარიას კანდიდატურას კენჭი უყარეს. 8 დეპუტატიდან მას მხარი 7-მა დაუჭირა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა:

“მე ვფიქრობ, ძალიან ნორმალურია. როგორც ვხედავ, მმართველ ძალაშიც  არსებობს შეკითხვები ჩემი კანდიდატურის მიმართ, რაც ასევე ცხადყოფს იმას, რომ პროცესი იყო სწორი და არ იყო ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ადამიანებს აქვთ კითხვები და მსჯელობენ ამ კითხვების გარშემო. ჩემი მისამართითაც დაისვა კრიტიკული შეკითხვები. ეს ჩემთვის მისაღებია. მზად ვარ, ოპოზიციურ პარტიებსაც შევხვდე და მოვისმინო მათგან ის კითხვები, რომელიც თუნდაც დღევანდელ საკომიტეტო განხილვაზე არ დასმულა. მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებზეც” – თქვა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 


წაიკითხეთ ამავე თემაზე:  დაუჭერს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია მხარს სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას?

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი