ახალი ამბები

უსუფაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: დაგეგმილია “ოდეერების” სისტემის აღდგენა

28 ნოემბერი, 2017 • 2116
უსუფაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: დაგეგმილია “ოდეერების” სისტემის აღდგენა

“შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართელოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით “დაგეგმილია ე. წ. ოდეერების სისტემის სრულმასშტაბიანი აღდგენა”.

ცვლილებების თანახმად, სუს-ის თანამშრომელს თავისი მოვალეობების შესასრულებლად გაუმჟღავნებლად შეიძლება ეკავოს თანამდებობა საქართვლოს მთავრობაში, ასევე, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.

უსუფაშვილი თავის განცხადებაში მიუთითებს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონს ემატება შემდეგი შინაარსი პუნქტები:

„3. სამსახურის მოსამსახურეს თავისი მოვალეობების შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა.
4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამსახურის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (სამსახურის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში.”

ამ ჩანაწერს უსუფაშვილი “ოდეერის” სრულმასშტაბიან აღდგენად აფასებს.

სუს-თან კონტრდაზვერვის შეერთების შედეგად სუს-ისთვის დამატებულ უფლებამოსილებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი