30 ნოემბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერი ღონისძიებები გაიმართება

30 ნოემბერს თბილისის კონსერვატორიაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერი ღონისძიებები გაიმართება, საიდანაც შემოსული თანხა სათემო ცენტრების განვითარებას მოხმარდება.

30 ნოემბერს თბილისში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე ცომაია ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ სოლო კონცერტს გამართავს, მწერალი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს ლექციას -„ფსიქიკური ჯანმრთელობა და მუსიკა“. კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება.

ასევე, მოეწყობა ფოტოების გამოფენა, რომელთა ავტორებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არიან. გამოფენის კურატორია ფოტოხელოვანი ლელი ბლაგონრავოვა.

საქველმოქმედო კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარებასა და გაძლიერებას მოხმარდება. ბილეთის ფასი 15/25/50 ლარი იქნება.

ღონისძიების შედეგად შემოსული თანხა ორგანიზაცია “ხელი ხელს” გადაერიცხება. “ხელი ხელს” მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ინსტიტუციიდან საზოგადოებაში სრულფასოვნად დაბრუნდნენ. ეს მომსახურება წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ უსამართლოდ იზოლირებულმა ადამიანებმა ღირსეულად იცხოვრონ.

პროექტის საბოლოო მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის ადამიანებისთვის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ყიდვა, სადაც მათ თანამედროვე ტიპის მომსახურებას გაუწევენ, ასევე, შეეძლებათ დამოუკიდებლად და თავისუფლად ცხოვრება.

“ამ კონცერტით ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ტრადიციას ვამკვიდრებთ. კლასიკური მუსიკის კონცერტი ყოველ წელს გაიმართება. იმედი გვაქვს, რომ ღია მოძრაობას ბევრი ნიჭიერი შემსრულებელი შემოუერთდება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ყველაზე ნაკლები დამცველი ჰყავს, მაგრამ ამ ღონისძიებით საშუალება გვეძლევა, მხარი დავუჭიროთ მათ, ვისი ხმებიც ყველაზე ნაკლებად ისმის, მოვითხოვოთ მათთვის სერვისების დაფინანსება, სწორი პოლიტიკის დაგეგმვა”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

პროექტი “ღია” ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუციური სტიგმის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რომელიც“BBSA Georgia”-ს მიერ და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოში ყოველ მეოთხე ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაღალია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა, დაბალია ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებსა და ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, მწირია ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ფინანსური და ადამიანური რესურსი, გავრცელებულია სერვისების დაფინანსების არამართებული მოდელები, არასაკმარისია უფლებათადაცვითი სერვისები, მატულობს სუიციდის რიცხვი, მატულობს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, არ არსებობს სრული მონაცემები და კვლევები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com