ახალი ამბები

მიტროპოლიტ გრიგოლის განმარტებები მოსაყრდის საკითხზე გაკეთებულ განცხადებაზე

28 ნოემბერი, 2017 • 2147
მიტროპოლიტ გრიგოლის განმარტებები მოსაყრდის საკითხზე გაკეთებულ განცხადებაზე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრის დადგენის თაობაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. მან რ2-თან ინტერვიუში თქვა, რომ არ იცის, თავისუფალი იყო თუ არა ილია II, როდესაც ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი მოსაყდრედ დანიშნა.

მიტროპოლიტ გრიგოლის განმარტება:

(1) თავისუფალი იყო თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას? რატომ ჩნდება ეს კითხვა?

ამ კითხვას ბადებს აღნიშნული მოვლენის მოულოდნელი ხასიათი! ქართულ სახელმწიფოს, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიას, მეტისმეტად რთული გარე და შიდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფაქტორების პირობებში უწევს ცხოვრება და არსებობა. ამის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, რომ სინოდის წევრებს თვით სინოდის სხდომაზე მოესმინათ კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შესახებ, რაც საფუძველშივე გაფანტავდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ბუნდოვანებას. კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების თანმხლები ბუნდოვანება კი უკავშირდება სამართლებრივ-კანონიკური ურთიერთობების საკითხს მოსაყდრესა და მღვდელმთავრებს შორის, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებას სასურველია, ახლდეს ან უმალ მოჰყვეს რეგლამენტი, თუ დამატებით რა უფლებამოსილებით აღიჭურვა (ან აღიჭურვება სამომავლოდ!) კათოლიკოს- პატრიარქის მოსაყდრე თვით კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პირობებში.

(2) აქვე მივუთითებთ იმ სამართლებრივ კაზუსთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ვარაუდი გამოვთქვი.

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან და მისი საჯარო გავრცელების ფორმიდან გამომდინარე, ჩვენთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი დარჩა გადაწყვეტილების განხორციელების პროცედურა, თუმცა ჩვენ ამით თავად გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია.

(3) კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის გამორჩევა-დადგინება არის მისი უფლება და ეს უფლება ჩვენ ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია!

(4) ჩვენ მიერ დაფიქსირებული პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილების კომენტარი არ უკავშირდება ახლადადგენილი მოსაყდრის კანდიდატურას, რომელთანაც ძმური ურთიერთობა გვაქვს, ისევე, როგორც წმიდა სინოდის დანარჩენ წევრებთან. შესაბამისად, ვთვლით, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს ახლა მილოცვაზე მეტად გონივრული თანადგომა სჭირდება, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ კიდევაც, რადგან წმიდა სინოდის ერთობა და მისი სიმტკიცე არის ის, რაც განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მის წარმატებით მსახურებას ურთულესი გამოწვევებით აღსავსე თანამედროვე სამყაროში.

(5) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ გამოირჩეოდა ერთსულოვნებითა და ქრისტესმიერი სიყვარულით. ამან კი იგი ისეთ ურთულეს ქარტეხილებს გამოატარა, როგორიც, მაგალითად, ათეიზმის ეპოქა იყო. საქართველოს ეკლესიის მესვეურები ყოველთვის იდგნენ მისი სიმტკიცის სადარაჯოზე, რაც მას კიდევ უფრო აძლიერებდა მართლმადიდებელი მრწამსის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და მისიონერული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ჩვენი ზემოთ დაფიქსირებული პოზიციაც სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნასაზრდოები.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

საპატრიარქოს რეცენზირებისა და გამომცემლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

მასალების გადაბეჭდვის წესი