ახალი ამბები

პარლამენტის ნდობის ჯგუფი კონტრტერორისტული ოპერაციის საკითხს განიხილავს

28 ნოემბერი, 2017 • 1190
პარლამენტის ნდობის ჯგუფი კონტრტერორისტული ოპერაციის საკითხს განიხილავს

პარლამენტში იმართება ნდობის ჯგუფის პირველი შეხვედრა. როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ, თუმცა სესიაშვილმა არ გამორიცხა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხის წინ წამოწევა:

“თქვენ როგორც იცით, სულ რამდენიმე კვირის წინ დაკომპლექტდა ნდობის ჯგუფი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ დღეს ვიმსჯელოთ და განვსაზღვროთ მომავალი სამუშაო გრაფიკი. ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთმანეთს გავაცნოთ, თუ რა რეჟიმში ვიმუშავებთ,” – თქვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

სესიაშვილის თქმით, ნდობის ჯგუფის წევრები სპეცოპერაციის საკითხს დეტალურად ვერ განიხილავენ. მას შემდეგ კი, რაც გამოძიება შესაბამის ეტაპზე მივა და სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის ნდობის ჯგუფსაც მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქმეზე, საკითხს განიხილავენ:

“თუმცა, თავისთავად ცხადია, სხვა საკითხებსაც შევეხებით. სპეცოპერაცია მთავარი აქტუალური საკითხია. სავარაუდოდ, ამასაც განვიხილავთ, თუმცა, არა დეტალებში. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესიც არის, პირველ რიგში, რომ რაც შეიძლება მალე იქნას გამოძიებული საქმე. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და როგორც კი იქნება საშუალება, რომ გარკვეულ ჯგუფს, ეს იქნება ნდობის ჯგუფი თუ სხვა ფორმატი, მიეწოდოს ინფორმაცია გარკვეული დეტალების შესახებ, ამაზე გვექნება მსჯელობა” – ამბობს სესიაშვილი.

რაც შეეხება ფორმატს, თუ როგორ მოხდება ჯგუფსა და სხვადასხვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაზიარება, ეკა ბესელიას თქმით, ნდობის ჯგუფის წევრები ამ საკითხზეც იმსჯელებენ:

“ჩვენ გვექნება მსჯელობა, რა ფორმატში იქნება ჯგუფსა და შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაზიარება. იცით, რომ ნდობის ჯგუფს გარდა იმ მანდატისა, რაც აქვს და აქამდეც ჰქონდა, დაემატა ახალი მანდატი, მონიტორინგი და კონტროლი სპეციალურ სამსახურზე, ახალ სააგენტოზე. ბუნებრივია, ამ მანდატის განხორციელება და ეფექტურად მუშაობა არის მნიშვნელოვანი გარანტი როგორც საჯარო ინტერესის, ასევე ადამინის უფლებების დაცვის კუთხით ბალანსის შენარჩუნების თვალსაზრისით,” – ამბობს ბესელია.

პარლამენტის ნდობის ჯგუფი 5 წევრისგან შედგება, თუმცა დღეს ის 4 წევრით შეიკრიბა. ნდობის ჯგუფში შედიან ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი აბესაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი