ახალი ამბები

რა ფუნქციები დაეკისრება კულტურის სამინისტროს სამთავრობო ცვლილების შემდეგ – კანონპროექტი

27 ნოემბერი, 2017 • 1536
რა ფუნქციები დაეკისრება კულტურის სამინისტროს სამთავრობო ცვლილების შემდეგ – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, კულტურის სამინისტროს გადაეცემა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ის ფუნქციები, რომლებიც შეეხებოდა სპორტის მართვის მიმართულებას, გარდა ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებისა. ასევე გადაეცემა მთლიანი ცენტრალური აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებს იმით ხსნის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.

“[სპორტის] ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას”, – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ მისი მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, არც გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, არც გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და არც ფინანსურ შედეგს გამოიწვევს იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, კულტურის სამინისტროს სპორტის სამინისტროს შემდეგი ფუნქციები გადაეცემა:

[checklist]

  • სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება
  • ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება
  • სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა
  • სპორტის განვითარების მიზნით აღნიშნული სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა
  • საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა
  • სპორტის სფეროში კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაციის ორგანიზება და პროფესიული დონის განსაზღვრა
  • სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება
  • სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა
  • სპორტსმენთა, სპორტის სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა
  • საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე

[/checklist]

პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში კულტურის სამინისტროს ექნება სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისათვის სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სხვა მუშაკების სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენის უფლებამოსილება.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო “ხელოვნების ქურუმის” (ხელოვანებისთვის განკუთვნილი) ჯილდოსთან ერთად, “სპორტის რაინდის” წოდებით დააჯილდოვებს დამსახურებელ სპორტსმენებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. 

რაც შეეხება განათლების სამინისტროს, მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ის ფუნქციები გადაეცემა, რომლებიც შეეხება ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებას, მათ შორის, ცენტრალური აპარატის შესაბამისი ნაწილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის შესაბამისი იურიდიული პირები. 

“ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლების სამინისტროსთან გაერთიანება, ერთი მხრივ, უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან”, – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების კუთხით განათლების სამინისტრო ჩაანაცვლებს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს. განათლების სამინისტროს გადაეცემა უფლებამოსილება, რომ განახორციელოს ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო და რეგიონული პროგრამები, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ჩაატარონ ტრენინგ-სემინარები.

მასალების გადაბეჭდვის წესი