ახალი ამბები

დაუჭერს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია მხარს სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას?

27 ნოემბერი, 2017 • 2127
დაუჭერს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია მხარს სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას?

27 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა ოფიციალურად წარადგინეს სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. რომელიმე სხვა კანდიდატი საპარლამენტო ოპოზიციას ამ ეტაპზე დასახალებული არ ჰყავს.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ კახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობა ნინო ლომჯარიას მხარს არ დაუჭერს.

“ევროპულ საქართველოს რაიმე სახის პერსონალური პრობლემა ქალბატონ ნინო ლჯარიასთან არ აქვს. ჩვენ გვაქვს პრობლემა იმ მიდგომასთან, რომელიც აქვს უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ ყველა კანდიდატს, რომელიც წამოაყენა არასამთავრობო სექტორმა, მათ დახურულ კარს მიღმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა ამ გადაწყვეტილების ფორმალურად გაფორმებას ითხოვენ თითქოს, რაც ჩვენთვის მიუაღებელია. არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა საპარლამენტო უმცირესობასთან. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესში, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ,”- განაცხადა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მიესალმება, სახალხო დამცველი შეირჩეს ფართო საზოგადოებრივი თანხმობის შედეგად. ეს არის ერთ-ერთი პირველი კარგი პრეცედენტი, როდესაც არასამთავრობო სექტორმა შეძლო ხელისუფლების დარწმუნება, რომ ასეთი გზა არის სწორი.

“რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურას, როდესაც უკვე ოფიციალურად იქნება დარეგისტრირებული პარლამენტში, ჩვენ გვექნება მასთან შეხვედრა, საუბარი და საბოლოო პოზიციების შეჯერების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,”- ამბობს რომან გოცირიძე.

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე გიორგი ლომია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ფრაქციას საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუმცა ჯერ არ ასაჯაროვებენ, თუ ვინ იქნება ეს კანდიდატი.

“ჩვენს ფრაქციას ჩვენი კანდიდატი ეყოლება. მალე უკვე ამ საითხზე ღიად ვისაუბრებთ. დღეს, ამ თემაზე სასაუბროდ ცენტრალურ ოფისში  ვიკრიბებით,”- განაცხადა გიორგი ლომიამ.

ნინო ლომჯარიას კანდიდატურის განხილვა ხვალ, 28 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი