ახალი ამბები

შეხლა-შემოხლა სვანეთში – მოსახლეობა გზის და ელექტროსადენების შეკეთებას ითხოვს

27 ნოემბერი, 2017 • 3069
შეხლა-შემოხლა სვანეთში – მოსახლეობა გზის და ელექტროსადენების შეკეთებას ითხოვს

მესტიაში, ჭუბერის მოსახლეობამ დღეს მშენებარე ნენსკრა ჰესთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მოსახლეობა ელექტროგადამცემი ბოძებისა და გზის რეაბილიტაციას ითხოვს.

“ერთი კვირის წინ ადამიანი დაიღუპა, უცბად მოვარდნილმა დენმა დაარტყა და ამას განიცდიან”, – ამბობს კახა ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, მოსახლეობა ჰესის მშენებლებისაგან ითხოვს ელექტროსადენებისა და გზის რეაბილიტაციას.

“თუ დაგვეხმარება ნენსკრა ჰესი და ამ პრობლემას მოგვიგვარებს, დიდ მადლობას ვეტყვით”.

კახა ჟორჟოლიანის თქმით, ნენსკრას გზისა და სადენების რეაბილიტაციის ვალდებულება არ აქვს, თუმცა პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 4 მლნ დოლარი სოციალური პროექტებისთვის. მოსახლეობა კი სწორედ აქედან ითხოვს თანხის გამოყოფას.

მისივე თქმით, ელექტროსადენების რეაბილიტაცია ენერგო პრო ჯორჯიასთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს, რადგან ამ ინფრასტრუქტურას ის მართავს. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სახელმწიფო კერძო კომპანიის ქონებაში ინვესტიციას თვითონ ვერ განახორციელებს. რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფომ კომპანიას დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება მოსთხოვოს, ჟორჟოლიანი ამბობს.

 

“სვანები დენის გადასახადს არ ვიხდით და როცა არ იხდი, ნაკლები ყურადღებაა. მოსახლეობა იურიდიული პირებისა და კერძო სექტორის გარდა დენის გადასახადისაგან 1992 წლიდან მოყოლებული გათავისუფლებულია”, – ამბობს ჟორჟოლიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი