ახალი ამბებისამართალი

ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობას არ სურს, ვაკანსიებზე ინფორმაცია საჯარო იყოს

27 ნოემბერი, 2017 • 1943
ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობას არ სურს, ვაკანსიებზე ინფორმაცია საჯარო იყოს

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ნაწილობრივ დაუჭირეს მხარი ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომლის მიხედვით, მოსამართლეთა შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადი უნდა იყოს. ვაკანსიების გასაჯაროებას საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

„ჩემ მიერ წარმოდგენილი იყო ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა, რომ საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებულიყო ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია. ასევე, მოსამართლეთა საერთო რაოდენობის, სასამართლო თავმჯდომარეების და კოლეგიების და სასამართლო პალატების თავმჯდომარეების შესახებ ინფორმაცია ყოფილიყო შეჯამებული სახით საჯარო, გენდერულ ასპექტებზე მითითებით.

ამ შემთხვევაში კონსენსუსი ის გახლავთ, რომ საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმ საკითხს, რომ ინფორმაცია მოსამართლეების რაოდენობაზე, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეების იყოს საჯარო. ხოლო რაც შეეხება ვაკანსიებს, მას მხარი არ დაუჭირეს”, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საბჭოს წევრების უმრავლესობას არ სურს ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იყოს საჯარო.

“ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ როგორც ჩანს, საბჭოს წევრებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი თემა და მათ უმრავლესობას არ სურს ვაკანსიების შესახებ იყოს საჯარო. მათ მიზეზად დაასახელეს, რომ საკითხი საკმარისად მნიშვნელოვანი არ იყო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს პროაქტიულ რეჟიმში, რომ ვიცოდეთ, რამდენი ვაკანსიაა ამ სისტემაში, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება მოსამართლეთა დატვირთულობას“, -განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი