ახალი ამბები

რა ფუნქციები ექნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს

27 ნოემბერი, 2017 • 7112
რა ფუნქციები ექნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნება.

ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება იქნება.

სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება არის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.

სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს დაწესებულების საქმიანობას.

სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

სპეციალური დაწესებულების დებულებასა და შესაბამისი კანონით განსაზღვრულ სხვა ნორმატიულ აქტებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.

“კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში ოპერატიული ფუნქციებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატის – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნა. აღნიშნული სამსახური იქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ბაზაზე”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ერთმანეთისგან დიფერენცირებულია კრიზისული და საგანგებო სიტუაცია და დადგენილია მათი მართვის განსხვავებული წესები, თუმცა მათი შინაარსი მიუთითებს, რომ საგანგებო სიტუაცია მოიცავს კრიზისულ სიტუაციასაც.

“აღნიშნული გარემოება კი იწვევს საბჭოსთვის (მისი აპარატის) და სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებულებული ფუნქციათა გადაფარვას და უფლებამოსილებების დუბლირებას, რაც ხელს უშლის საგანგებო სიტუაციების დროს ერთიანი მართვის სამსახურის არსებობას და საგანგებო სიტუაციაზე ეფექტურად რეაგირებას. საგანგებო სიტუაცია, მასზე მყისიერი რეაგირების აუცილებლობის გათვალისწინებით, მოითხოვს ერთი გამოკვეთილი უწყების არსებობას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგანგებო სიტუაციაზე ეფექტიან რეაგირებაზე, არსებული რისკების მართვაზე, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საქმიანობის განხორციელებაზე. ამდენად, მიზანშეწონილია, საბჭოს აპარატის და სააგენტოს ბაზაზე ჩამოყალიბდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

წარმოდგენილი რეფორმის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროდან ხდება სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამოყოფა, სააგენტო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროს დაექვემდებარება. შესაბამისად, კანონპროექტით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ასევე შედის შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის სხვა ცვლილებები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი