ახალი ამბებისამართალი

ჯანეზაშვილი: მოსამართლეებზე სტატისტიკური ინფორმაცია და ვაკანსიები უნდა იყოს საჯარო

27 ნოემბერი, 2017 • 2112
ჯანეზაშვილი: მოსამართლეებზე სტატისტიკური ინფორმაცია და ვაკანსიები უნდა იყოს საჯარო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს იმართება, დღის წესრიგით გათვალისწინებულია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პრაქტიკულად გამოყენების გამოქვეყნების წესში ცვლილების შეტანა.

სხდომის დაწყებამდე ცვლილების ინიციატორმა, იუსტიციის საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია უნდა ქვეყნდებოდეს.

“ჩემი ინიციატივა ეხება ინფორმაციის გასაჯაროებას პროაქტიულ რეჟიმში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ასევე სტატისტიკური ინფორმაცია მოსამართლეების შესახებ უნდა იყოს საჯარო. ვგულისხმობ ასევე გენდერულ ასპექტს, ეს კომპონენტიც უნდა იყოს გათვალისწინებული ინფორმაციის გასაჯაროებისას.

ეს არის ის ძირითადი საკითხი, რომელზეც დღეს გავამახვილებ ყურადღებას. ეს გულისხმობს შესაბამის წესში ცვლილების შეტანას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან თუკი თქვენ შეამოწმებთ საბჭოს ვებგვერდს, თუ კონკურსი არ არის, ვაკანსიაზე ინფორმაცია არ არის განთავსებული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს მუშაობის შესახებ, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მოსამართლეების შერჩევა და დანიშვნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვაკანსიებზე ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს და არ ვფიქრობ, რომ ამის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტი უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე სულ სამი საკითხი განიხილება. პირველი ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს აპარატის დებულებების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებიბრივი სარგოების დამტკიცების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი