ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი: სპეცოპერაციის საქმეში საქართველოს FBI-ის ექსპერტები ეხმარებიან

27 ნოემბერი, 2017 • 3253
აშშ–ის ელჩი: სპეცოპერაციის საქმეში საქართველოს FBI-ის ექსპერტები ეხმარებიან

აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის გამოძიებაში ქართულ მხარეს აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ეხმარებიან.

“ჩვენ შევთავაზეთ ტექნიკური დახმარება საქართველოს და უკვე ვუწევთ ამ დახმარებას. ეს ის საკითხია, რომელიც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ეს არის ტერორიზმი, რასთან ბრძოლაშიც საქართველო ჩვენი მოკავშირეა. ტერორიზმის კუთხით რეგიონში მთავარი გამოწვევა ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებაა. მნიშვნელოვანია, ვითანამშროლოთ ზოგიერთი ტერორისტული აქტის გამომჟავნებაში, რომელთა თავიდან აცილებასაც ვცდილობთ. მაგალითად, როგორიც მოხდა ეგვიპტეში რამდენიმე დღის წინ. საქართველოსა და აშშ–ს შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია”, – განაცხადა იან კელიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა აშშ–ის საელჩოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადალახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ტერიორისტთა სიაში შეყვანილმა ახმედ ჩატაევმა, თუ ის მართლაც იყო სპეცოპერაციის სამიზნე, ელჩმა უპასუხა:

“ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობას აქვს კითხვები. უპირველესად, უნდა დადასტურდეს, რომ ეს იყო ახმედ ჩატაევი. დიახ, ჩვენ გვაქვს ბევრი შეკითხვა და მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ამ საკითხის გამოძიებაში”, – განაცხადა ელჩმა საქართველოს პარლამენტში სტუმრობისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის მუხლით იძიებს საქმეს, რომლის ფარგლებშიც 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ. დაკავებული პირის მიმართ გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი