ახალი ამბები

ომბუდსმენის წარმომადგენელი ტერორიზმში ბრალდებულს შეხვდა

27 ნოემბერი, 2017 • 1449
ომბუდსმენის წარმომადგენელი ტერორიზმში ბრალდებულს შეხვდა

უჩა ნანუაშვილის თქმით, 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულს მისი წარმომადგენელი შეხვდა. როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ბრალდებული ტერორიზმთან კავშირს უარყოფს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტს.

ომბუდსმენის თქმით, ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ იმ პირთაგან, რომელთა წინააღმდგეც სპეცოპერაცია ჩატარდა, მხოლოდ ერთს იცნობს, საკუთარი ვინაობის გასაჯაროება კი არ სურს. შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და ბრალდებულს შორის პარასკევს, 24 ნოემბერს გაიმართა:

“უკვე მოინახულა ჩვენმა  წარმომადგენელმა ბრალდებული. ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხში ვართ ჩართულნი და უახლეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, ასევე ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია – დიდ ნაწილს. მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა და, შესაბამისად, ის იყო დაინტერესებული, მეტი ინფორმაცია მიეღო  მისი დაცვის სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებით, რა ინფორმაციაც ჩვენ მას მივაწოდეთ,” – ამბობს სახალხო დამცველი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის მუხლით იძიებს საქმეს, რომლის ფარგლებშიც 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ. დაკავებული პირის მიმართ გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი