ახალი ამბები

მდინარაძე: დადასტურებას არ ნიშნავს ის, რომ გომელაურმა არ გამორიცხა ჩატაევის ლიკვიდირება

27 ნოემბერი, 2017 • 1814
მდინარაძე: დადასტურებას არ ნიშნავს ის, რომ გომელაურმა არ გამორიცხა ჩატაევის ლიკვიდირება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თბილისის სპეცოერაციის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე არ შეიძლება კონკრეტულ დეტალებზე საუბარი.

როგორც მდინარაძე აცხადებს, მხოლოდ ის, რომ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა არ გამორიცხა ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევის ყოფნა, არ ნიშნავს დადასტურებას.

“ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან: ეს არის საკითხი, რომელზეც არავითარ შემთხვევაში უნდა გავუსწროთ მოვლენებს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ექსპერტიზას; ყველა სიტყვა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების ან ექსპერტის მხრიდან არის მანამდე ნათქვამი, არის გარკვეული რისკის შემცველი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ გამოძიებას.

მხოლოდ ის, რომ არ გამორიცხავს რომელიმე თანამდებობის პირი კონკრეტულ დეტალებს [ლიკვიდირებულთა შორის შესაძლო ახმედ ჩატაევის ყოფნას], არ ნიშნავს იმას, რომ ის ამას ადასტურებს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოკლულებს შორის იყოს ახმედ ჩატაევი. ეს ინფორმაცია არ გამორიცხა სუს-ის უფროსმა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება დნმ-ის პასუხებს ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი