თბილისისთვის გამოყოფილი დამატებითი 60 მლნ ლარი მეტროს ინფრასტრუქტურას მოხმარდება

დღეს, 27 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ განიხილეს დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები. გრძელდება მუშაობა 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე.

„დღეს გვქონდა შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით 60 მლნ ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით  ტექნიკურ დეტალებზე. თანხები მიიმართება მიზნობრივად, მათი ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი ინფრასტრუქტურის განახლებას და ამასთან ერთად, განსაზღვრულია თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის, რადგან დაახლოებით 60 მლნ ლარით გაიზრდება ბიუჯეტი 2018 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის და მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე. ესაა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც მეტროსადგურების, ისე მოძრავი შემადგენლობის განახლება, ასევე თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსხვავებული, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რაც წინასაარჩევოდ იყო წარმოდგენილი ჩვენგან,“ –   განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს დღეებში დასრულდება მუშაობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზეც, რომელშიც აისახება შესაბამისი ცვლილებები და დოკუმენტი გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი