ახალი ამბები

უკრაინის ელჩი: სააკაშვილი არ არის მაღალი დონის მოლაპარაკებების საგანი

27 ნოემბერი, 2017 • 1679
უკრაინის ელჩი: სააკაშვილი არ არის მაღალი დონის მოლაპარაკებების საგანი

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის განცხადებით, სააკაშვილი მაღალ დონეზე გამართული მოლაპარაკებების საგანი არ არის.

ამის შესახებ იგორ დოლგოვმა 27 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან.

“ის ახლა კერძო პირია უკრაინაში. იგი არ არის მაღალ დონეზე გამართული მოლაპარაკებების საგანი,”- განაცხადა დოლგოვმა.

ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერია, მას მოქალაქეობა პოროშენკომ შეუჩერა და ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის.

“ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ ის არ არის ოპიზიციის ერთადერთი ლიდერი არც უკრაინაში და არც საქართველოში. თუ თქვენ კითხვები გაქვთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, ეს კითხვები მას დაუსვ0თ და არა მე,”- უპასუხა ჟურნალისტს დოლგოვმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური აქტივობები, რომელსაც სააკაშვილი უკრაინაში ახორციელებს, პოპულარული არ არის:

“ჩვენ ვერ ვხედავთ პრობლემას, ის აგრძელებს უკრაინაში ყოფნას, აგრძელებს გარკვეული ტიპის პოლიტიკურ აქტივობებს, რომლებიც გულახდილად რომ ვთქვა, არ არის პოპულარული. ეს მისი საქმეა,”- განაცხადა დოლგოვმა.

მან ასევე ისაუბრა რუსული ოკუპაციის პრობლემის შესახებ:

“ჩვენ თითქმის ერთნაირი პრობლემა გვაქვს, თუმცა, მაინც სხვაგვარი ვითარებაა: თქვენ მრავალი წელია რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობთ, უკრაინამ კი ბრძოლა გააგრძელა. ყოველდღიურად, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა ხდება და იხოცებიან უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე. განსხვავება არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა მოვახდინოთ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდაცია რუსული აგრესიის შესაჩერებლად და უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ძალა ჩვენი ტერიტრიების დეოკუპაციისთვის.

ძალიან რთულია ასეთი პრობლემატური მეზობლის ყოლა იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციამ ყველა შესაძლო საერთაშორისო კანონმდებლობა დაარღვია. საქართველოში ეს გამოგიცდიათ და ძალაინ კარგად იცით. რუსეთის ხელისუფლებას არ სურს, ჩვენმა ერებმა ევროპასთან ერთად რომ იცხოვრონ. მათ სურთ დომინირება საქართველოზე, უკრაინასა და სხვა ქვეყნებზე, რომელთაც თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო აირჩიეს,”- განაცხადა დოლგოვმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი