ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი – საიმედო პარტნიორი სომხეთისთვის?

27 ნოემბერი, 2017 • 3240
რუსეთი – საიმედო პარტნიორი სომხეთისთვის?

სტატია თავდაპირველად ჟურნალ “ბათუმელების” ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა

 

რამდენიმე კვირის წინ სომხურ პრესაში არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალიზაციისა და რეგიონული განვითარების“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. გამოკითხვის მიზანი რეგიონში გავლენიან მოთამაშეთა, კერძოდ, რუსეთის, ევროკავშირისა და NATO – მიმართ სომხეთის მოქალაქეების დამოკიდებულების გარკვევა იყო. გამოკითხვის შედეგები სომხეთში, რომელიც ტრადიციულად პრორუსულ ქვეყნად მიიჩნევა, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. თუ გამოკითხვის შედეგებს დავუჯერებთ, სომხეთში ისეთი ცალსახა არ ყოფილა რუსეთის, ევროკავშირისა და NATO – მიმართ დამოკიდებულება, როგორი წინასწარგანწყობაც არსებობს.

რუსეთს სომხეთის მოკავშირედ გამოკითხულთა მხოლოდ 34% მიიჩნევს და თითქმის ამდენივესთვის რუსეთი სომხეთის მოკავშირე არ არის. მეტიც, გამოკითხულთა უფრო დიდმა ნაწილმა თქვა, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებამ სომხეთისთვის ნეგატიური შედეგი მოიტანა. გამოკითხულთა 58% კი, სომხეთის მომავალს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირებს და 61% დადებითად უყურებს სომხეთის მომავალს NATO –ში. განსაკუთრებით საინტერესო შედეგები ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებათა პროცესზე რუსეთისა და სხვა აქტორების გავლენასთან დაკავშირებით დადგა სომხეთის მოქალაქეთა 56% მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე რუსეთი ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ამავე გამოკითხვის შედეგებით, სომხები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი ყარაბაღის კონფლიქტში ევროკავშირთან და NATO –სთან მიმართებაში, თუმცა სკეპტიკური განწყობა აქაც მრავლადაა: კითხვაზე, ევროკავშირთან და NATO –სთან კავშირს შეუძლია თუ არა დადებითი გავლენა ჰქონდეს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე, დადებითად გამოკითხულთა 35%-მა უპასუხა. უარყოფითი პასუხი გასცა 27%-მა, 37%-მა კი ვარაუდი გამოთქვა, რომ მათ მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლიათ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

რა თქმა უნდა, გამოკითხვის შედეგებს მაინც სიფრთხილით უნდა შევხედოთ. სომხეთში უფრო ადრე ჩატარებული გამოკითხვები სრულიად სხვა სურათს გვაძლევდა.  მაგალითად, 2015 წელს ორგანიზაცია ჩღღჩის მიერკავკასიური ბარომეტრის“ გამოკითხვის შედეგებით, სომხების სამი მეოთხედი რუსეთს მეგობრულ ქვეყნად მიიჩნევდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალიზაციისა და რეგიონული განვითარება“, რომელმაც 2017 წელს ეს გამოკითხვა ჩაატარა, სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებით, როგორც წესი, არ არის ხოლმე დაკავებული.

ამასთან, გამოკითხვა არაპროფესიონალმა სოციოლოგებმა ჩაატარეს, ძირითადად, მოხალისე სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა. თუმცა, პარადოქსულად, შესაძლოა, ამ შედეგებს უფრო მეტი მოქალაქე ენდოს, ვიდრე წინა წლებში პროფესიონალების მიერ ჩატარებულ კვლევებს. ზოგიერთი სოციოლოგიური ორგანიზაცია დიდი ხანია სომხეთში ხელისუფლების თანამოაზრედ მიიჩნევა.

როგორც არ უნდა იყოს გამოკითხვის შედეგები, იგი სომხური მედიის მიერ დეტალურად იყო გაშუქებული და დისკუსიებში, სოციალურ ქსელებსა თუ საექსპერტო წრეებშიც აქტიურად განიხილეს. თუ გამოკითხვის კონკრეტული მონაცემები კითხვებს აჩენს, გამოკითხვის გარშემო გაჩენილი დისკუსია იმას მოწმობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა სომხური საზოგადოებისთვის სულ უფრო პრობლემური ხდება. რა თქმა უნდა, არსებობს მცირე, თუმცა საზოგადოების კარგად შესამჩნევი ნაწილი, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციისკენ ისწრაფვის და მისთვის რუსეთი დაბრკოლებასა და სომხეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ახლა, როგორც ჩანს, რუსეთთან ურთიერთობა ამ მცირე ჯგუფის გარეთ მყოფთათვისაც არაერთგვაროვანი ხდება.

გამოკითხვის გარშემო ფართო რეზონანსის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ გამოკითხვის დრო სომხურრუსულ ურთიერთობებში გარკვეულ დაძაბულ პერიოდს დაემთხვა. სომხეთევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის მომზადების ფონზე, სომხურრუსული ურთიერთობები სომხეთში დისკუსიის საგანი სულ უფრო მეტად ხდება.

არც ისე დიდი ხნის წინ, სომხეთის პოლიტიკური ბლოკი `ელკი~ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლისა და სომეხ ბოლშევიკთა პატივსაცემად დარქმეული ქუჩების გადარქმევის ინიციატივით გამოვიდა. ამას დაემატა დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ მიძღვნილი გამოფენის დახურვა და სომხეთის ხელისუფლების ინიციატივა სკოლებში რუსული ენის სიღრმისეულად შესწავლაზე. ყოველივე ეს ოპოზიციის წარმომადგენელთა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის საბაბი გახდა. ისინი ხელისუფლებას რუსეთის ნების აღსრულებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება რუსეთს წინააღმდეგობას ვერ უწევს

აღნიშნული დისკუსიების შესახებ ცნობები რუსულ მედიასა და საექსპერტო წრეებამდეც მივიდა. რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი ეპიფანცევმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთში ბოლო გამოკითხვის შედეგების შესახებ დაწერა: „აშკარა და საშიში წინააღმდეგობაა როგორც რუსეთისთვის, ასევე სომხეთისთვის. პირველ რიგში კი, სომხეთისთვის. ერევანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, საბაჟო კავშირისა და ОДКБ- (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია) წევრი, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირისა და NATO –სკენ ისწრაფვის.

მიზეზი, თუ რატომ არ დგამს ერევანი აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს იქ (ევროკავშირი, NATO) შესასვლელად, იმაშია, რომ როგორც კი სომხეთში მსგავსი ვექტორი არსებითი გახდება, ის ძალიან მალე საქართველოდ, მოლდოვად და უკრაინად გადაიქცევა როგორც მინიმუმ, ყარაბაღს დაკარგავს“.

სწორედ ამიტომ, ეპიფანცევი მიიჩნევს, რომრუსულსომხური ურთიერთობები თანდათანობით დეგრადირდება სიტუაციაში, როდესაც ცოლი ცხოვრობს ისეთ ქმართან, რომელიც სძულს, თუმცა მისგან წასვლა რიგი მიზეზების გამო არ შეუძლია. როგორც კი ყარაბაღის საკითხი გადაიჭრება, სომხებისთვის ნებისმიერი ვარიანტით, ან მისი ლეგალიზაციით, ან დაკარგვით, რუსეთს სომხეთში ევროკავშირი და NATO ჩაანაცვლებს. ანუ, არადიპლომატიურ ენაზე რომ ვთქვათ, რუსეთს არ უნდა ყარაბაღის საკითხის გადაჭრა და ამ კონფლიქტის გაყინვა აწყობს“.

საინტერესოა, რომ რუსი ექსპერტის დასკვნები პროდასავლელად მიჩნეული სომეხი ექსპერტების განმარტებებს ჰგავსრომ რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო გადაჭრას აფერხებს, ვინაიდან ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

რა თქმა უნდა, ყარაბაღი სომხურრუსულ ურთიერთობებში ერთადერთი პრობლემა არ არის. არსებობს სხვა პრობლემებიც. მაგალითად, პრორუსული განწყობების შემცირებაში გარკვეულ როლს ასრულებს ის გარემოებაც, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლით ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, როგორც ამის მოლოდინი არსებობდა, არ გაზრდილა. ბევრ სომეხს აღიზიანებს, პერიოდულად, რუსეთის მაღალ დონეებზე წამოწეული, სომხეთში რუსული ენის სტატუსის საკითხიც. თუმცა, ორმხრივ ურთიერთობებში ყველაზე მეტ გაღიზიანებას მაინც მთიანი ყარაბაღის საკითხში რუსეთის პოლიტიკა იწვევს.

სომხებს აღიზიანებთ ის, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის არსებული სამოკავშირეო ურთიერთობების მიუხედავად, რუსეთი ყარაბაღის საკითხში ერევანთან სოლიდარობის გამოხატვას არ ჩქარობს. ერევანსა და სტეპანაკერტში, მოსკოვსა და ბაქოს შორის საკმაოდ თბილ ურთიერთობებს გარკვეული ეჭვით უყურებენ. რუსი ოფიციალური პირების ან ცნობილი მედიაფიგურების თითოეული განცხადება პროაზერბაიჯანულად ფასდება და მძაფრ რეაქციებს იწვევს.

მაგალითად, ერევანში ბევრს არ მოეწონა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება რუსეთის პოზიციაზე ილჰამ ალიევის გარშემო კორუფციულ სკანდალზე, სადაც ზახაროვამ „რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორზე ზეწოლის გაძლიერება“ დაინახა. თუმცა, რეალურად ზახაროვას პასუხი საკმაოდ ბუნდოვანი იყო და მასში არც იყო ნახსენები სიტყვებიაზერბაიჯანი“ და „ალიევი“.

კიდევ ერთი მცირე ქარიშხალი მოჰყვა სომხურ მედიაში საკმაოდ ცნობილ ალექსანდრ დუგინის ინტერვიუს აზერბაიჯანულ ვებგვერდთან, სადაც ის აცხადებს, რომ თითქოს მიღწეულია კონსესუსი .. „უსაფრთხოების ზონიდან“ აზერბაიჯანისთვის შვიდიდან ხუთი რაიონის გადაცემის შესახებ. რამდენადაც ამ ტერიტორიების გადაცემა მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის გარეშე სომხეთში ცალმხრივ დათმობად განიხილება, დუგინის ეს განცხადება სომხეთში უკიდურესად ნეგატიურად აღიქვეს. ზოგადად, რუსული „პატრიოტული“ წრეების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ პროაზერბაიჯანულ განცხადებებს.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ბაქოში არანაკლებ რადიკალური ხედვების მქონე რუსი მოღვაწე, ალექსანდრ პროხანოვი ჩავიდა, რომელმაც ემოციური განცხადებები გააკეთა ასეთ სტილში: „როგორ დაკარგეთ შუშა? ეს ხომ მიუდგომელი ციხესიმაგრე იყო“, ანდა „რატომ არ იბრუნებს აზერბაიჯანი საკუთარ მიწას ომით?“

რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, შესაძლოა, არც ღირს. თუმცა, სომხეთში უკვე შეეგუენ იმას, რომ ოფიციალური წყაროებით პრაქტიკულად ვერ გაიგებ რა ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში. ამიტომაც არაოფიციალური პირების თითოეულ განცხადებას, ისეთი ოდიოზური ფიგურებისაც კი, როგორიც დუგინი ან პროხანოვია, დიდი ყურადღებით უსმენენ და ზოგჯერ მათ საფუძველზე შორსმიმავალ დასკვნებსაც აკეთებენ.

ყოველივე ეს იმ ფესვგადგმულ შიშზე მიუთითებს, რომელიც სომხურ საზოგადოებაში არსებობს უძლეველი მოკავშირის მხრიდან ღალატის შიში. 1920 წელს სწორედ ბოლშევიკური რუსეთის პოზიციის გამო წარმოიშვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული უთანხმოება, რომელიც ბაქოს სასარგებლოდ გადაწყდა სამი სადავო ტერიტორიიდან ნახიჩევანი, ყარაბაღი და ზანგეზური, აზერბაიჯანმა ორი მიიღო. თავის მხრივ, მოსკოვში შიშობენ, რომ პირველივე შესაძლებლობის გაჩენიდან სომხეთს შეუძლია თბილისისა და კიევის გზას გაუდგეს.

ეს ორმხრივი უნდობლობის ატმოსფერო, რომელიც მეგობრობისა და თანამშრომლობის ნიღბითაა დაფარული, სომხურრუსულ ურთიერთობებში სულ უფრო მეტად იგრძნობა. შესაძლოა, ღია დისკუსია, სადაც ორივე მხარე პირდაპირ ისაუბრებდა საკუთარ პრეტენზიებსა თუ შიშზე, იმაზე უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა სომხურრუსულ ურთიერთობებს, ვიდრე ოფიციალური პირების მორიგი განცხადებები რუს და სომეხ ერებს შორის ურღვევ მეგობრობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი