ახალი ამბები

15-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ლიგის ჩემპიონია

26 ნოემბერი, 2017 • 3729
15-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ლიგის ჩემპიონია

დღეს, 26 ნოემბერს, ქუთაისის “ტორპედომ” დრამატულ შეხვედრაში, სტუმრად, თბილისის “დინამო” დაამარცხა და 15-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში თორნიკე კაპანაძემ თავური დარტყმით გაიტანა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ბოლო წუთზე შეეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება –  ქუთაისელთა მეკარემ/კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ “დინამოელი” ოთარ კიტეიშვილის შესრულებული პენალტი მოიგერია და თავისი გუნდი ჩემპიონი გახადა.

თბილისის “დინამო” ბოლო ტურში 1 ქულით უსწრებდა “ტორპედოს”. შესაბამისად, კახა ჩხეტიანის გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა ჩემპიონობისთვის.

ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები ჩემპიონობას ზეიმობენ, თუმცა, თამაშის დასრულებამდე, ბოლო წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანის გამო, მათმა ნაწილმა “დინამო არენას” სკამები დააზიანა.

საქართველოს ეროვნული ლიგა “ტორპედომ” უკვე მეოთხედ მოიგო – ქუთაისელთა გულშემატკივრები საყვარელი კლუბის წარმატებას ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში 15 წელი ელოდნენ. “ტორპედოზე” მეტჯერ ეროვნული ლიგა მხოლოდ თბილისის “დინამოს” აქვს მოგებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი